ტაეკვანდოს ფედერაციის გამგეობის წევრი გიორგი აბულაძე – ამ ეტაპზე დაკავებულები პირების გარდა, ჩემს ცემაში სხვებიც მონაწილეობდნენ

იმ პირების გარდა, რომლებიც ამ ეტაპზე დაკავებულები არიან, ჩემს ცემაში სხვებიც მონაწილეობდნენ. მათ უახლოეს მომავალში დავასახელებ და გამოძიებას ჩვენებას მივცემ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფოთში, ტაეკვანდოს ღია ჩემპიონატზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე ტაეკვანდოს ფედერაციის გამგეობის წევრმა, გიორგი აბულაძემ განუცხადა.

მისი თქმით, აგრესია მწვრთნელების მხრიდან მოდიოდა, რაც მოგვიანებით ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

,,იმ ადამიანების გარდა, რომლებიც დავასახელე, ჩხუბში დაახლოებით 10-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა და მე მირტყამდნენ. აუცილებლად მივცემ ჩვენებას გამოძიებას ახლო მომავალში. ყველა იმ პირს, ვინც ჩემს ცემაში მიიღო მონაწილეობა, ვინც დარბაზიდან გარეთ გამიყვანა, ვინც შეურაცხყოფა მომაყენა ჩემი 11 წლის შვილის, მოსწავლეების და მათი მშობლების წინაშე, აუცილებლად დავასახელებ და უნდა აგონ პასუხი,“ – აღნიშნა გიორგი აბულაძემ.

მისი თქმით, აგრესია დაკავებული პირების და სხვა მწვრთნელების მხრიდან მოდიოდა.

,,შეურაცხყოფა მათთვის არ მიმიყენებია, აგრესია მათი მხრიდან მოდიოდა. მივედი და ვუთხარი, ასე არ მოქცეულიყვნენ, ვთქვი რომ პოლიციისთვის დაგვერეკა და გაერკვიათ ყველაფერი, თუმცა დამიწყეს გინება, მემუქრებოდნენ ცემით და მხოლოდ ამის შემდეგ მივმართე მათ შეურაცხმყოფელი სიტყვებით ,“- აცხადებს აბულაძე.

16 ივნისს, ფოთში, ტაეკვონდოს ღია ჩემპიონატზე ინციდენტი მოხდა. ტაეკვონდოს მწვრთნელები და ტაეკვონდოს ფედერაციის გამგეობის წევრი გიორგი აბულაძე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. სამართალდამცველებმა სამი მწვრთნელი დააკავეს.

banner
წინა სტატიაშიპატიმარმა პროტესტის ნიშნად მეტალის საგნები გადაყლაპა – ე.წ. კანონიერი ქურდის შვილიშვილის მდგომარეობა მძიმეა
შემდეგი სტატიაქუთაისის მე-3 საჯარო სკოლაში ხანძარია