ტაძარში საკვირაო წირვას საქართველოს პრეზიდენტიც ესწრება

სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ესწრება. წირვას ესწრება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძეც.

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს შენდობის დღეს, ანუ მიტევების კვირას აღნიშნავს. ეკლესია სამოთხიდან ადამის განდევნას იხსენებს. მორწმუნეები მარხვის დაწყებამდე ერთმანეთს მიტევებას სთხოვენ.

შენდობის წესს სამების ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე შეასრულებს. საგანგებო ღვთისმსახურება საღამოს სრულდება, რის შემდეგაც მისი უწმინდესობა მრევლსა და სასულიერო პირებს შენდობას სთხოვს.

მიტევების კვირა ყველიერის ბოლოს, დიდი მარხვის დაწყების წინა დღეს აღინიშნება. საეკლესიო გადმოცემით, მიტევების კვირა ეგვიპტის უდაბნოში მოღვაწე მამებმა ჯერ კიდევ პირველ საუკუნეებში დააწესეს. დიდმარხვის დაწყებამდე ბერები ერთმანეთისაგან შენდობას ითხოვდნენ და მარხვის მარტოობაში გასატარებლად უდაბნოში გადიოდნენ. იგალობებოდა აღდგომის საგალობლები, რადგან არ იცოდნენ, დაუბრუნდებოდნენ თუ არა მონასტრებს მშვიდობით აღდგომისთვის. სააღდგომო საგალობლები დღესაც ყველა ტაძარში შესრულდება.

ხვალიდან უკვე სააღდგომო მარხვა იწყება, რომელიც 28 აპრილს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულით დასრულდება.

banner
წინა სტატიაშისროლა ბათუმში – დაჭრილია 29 წლის მამაკაცი
შემდეგი სტატიაპოლიციამ მარნეული-კაზრეთის სარკინიგზო ლიანდაგიდან დეტალების ქურდობის და ძარცვის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავა