სვენ მიქსერი : 8 მარტის შეთანხმება გახდა ჩარჩო, რომლითაც შესაძლებელი გახდა დიდხნიანი პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლა, მნიშვნელოვანია, შეთანხმება სრულად შესრულდეს

მიუხედავად „კოვიდ-19“-ის გამო დაკარგული დროისა, ჯერ კიდევ არის შესაძლებელი, საქართველოში საკონსტიტუციო რეფორმების პროცესი დასრულდეს, რათა საარჩევნო სისტემის რეფორმა შედგეს, – ამის შესახებ ესტონელმა ევროდეპუტატმა, საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიშის ავტორმა, სვენ მიქსერმა განაცხადა.

საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე დღეს ევროპარლამენტში მსჯელობენ. ამ საკითხზე ესტონელი ევროდეპუტატის, სვენ მიქსერის მიერ მომზადებულ ანგარიშს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე ისმენენ.

„საქართველო და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ეხება პოლიტიკურ დიალოგს, სამართლის უზენაესობას, კარგ მმართველობას, ადამიანების უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვას და ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებს. აქვე მინდა, გავუსვა ხაზი რომ ასოცირების შეთანხმებას ევროკავშირი მხოლოდ მოწინავე პარტნიორებთან აფორმებს.

მიხარია, რომ ევროპარლამენტის პოლიტიკურ ჯგუფებში არის ფართო კონსენსუსი, როდესაც საქმე ეხება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ასევე არის ფართო მხარდაჭერა საქართველოს ლეგიტიმური მისწრაფებისადმი, მოახდინოს ევროპულ სტრუქტურებთან უფრო მეტად ინტეგრაცია. ამ მიზნების მიღწევა დიდწილად არის დამოკიდებული საქართველოს შესაძლებლობაზე, გაატაროს საჭირო რეფორმები. აქვე მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ჩემ მიერ ჩამოთვლილ ამოცანებსა და მისწრაფებებზე ფართო შეთანხმება არსებობს საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შორისაც და საქართველოს საზოგადოებაშიც“, – განაცხადა საკითხის მომხსენებელმა სვენ მიქსერმა.

მისი შეფასებით, საქართველოში პოლიტიკური ცხოვრება დინამიური და ცოცხალია, ამასთან, ევროდეპუტატმა პოლიტიკურ პოლარიზებაზე გაამახვილა ყურადღება.

„საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება ცოცხალი და დინამიურია და ხანდახან ემოციურიც კი არის. ბოლო წლების შემაშფოთებელი ტენდენიცია არის გაზრდილი პოლიტიკური პოლარიზაცია და მთავრობასა და ოპოზიციას შორის ნდობის ეროზია. ეს არ არის უნიკალური საქართველოსთვის, მაგრამ მნიშვნელოვანი შეშფოთების საგანია, განსაკუთრებით საარჩევნო წელს“, – აღნიშნა სვენ მიქსერმა.

მან გამოსვლისას საქართველოში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის 8 მარტს მიღწეულ შეთანხმებაზეც ისაუბრა.

„მას შემდეგ, რაც ანგარიშზე მუშაობა დავიწყე, მნიშვნელოვანი მოვლენები განვითარდა, როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში.

საქართველოს მთავარი პოლიტიკური პარტიების მიერ 8 მარტს ხელმოწერილი შეთანხმება გახდა ჩარჩო, რომლითაც შესაძლებელი გახდა დიდხნიანი პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლა. მმართველ პარტიასა და მთავარ ოპოზიციურ პარტიებს შორის მიღწეული თანხმობის შედეგად გაიხსნა გზა საარჩევნო სისტემის რეფორმისკენ, რომლითაც უნდა შედგეს 2020 წლის ოქტომბერში საქართველოში დაგეგმილი არჩევნები. შეთანხმება ასევე ეხება იმ სერიოზული საკითხთან გამკლავებას, რაც დახასიათებულია როგორც მართლმსაჯულების პოლიტიზება“, – აცხადებს ევროდეპუტატი.

მისი თქმით, შემდეგ „კოვიდ-19“-მა ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება შეაჩერა. მან ამ კონტექსტში საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზეც ისაუბრა.

„საქართველოს მთავრობამ, ისევე როგორც ყველა პასუხისმგებლიანმა ხელისუფლებამ, მეტი ყურადღება, გადაიტანა საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემებსა და მოსალოდნელ ეკონომიკურ კრიზისზე. საქართველოს მთავრობამ დაიმსახურა საერთაშორისო და ქვეყნის შიდა შექებაც ამ კრიზისის მართვის გამო და ეს დამსახურებული ქება იყო.

მინდა, გამოვყო საქართველოსა და ევროკავშირის სამაგალითო თანამშრომლობა ამ კრიზისის დროს. ევროკავშირმა საქართველოს გამოუყო 250 მილიონი ევროს დახმარება ვირუსთან გასამკლავებლად და 150 მილიონი ევროს კრედიტები მაკროეკონომიკური სტაბილურობის შესანარჩუნებლად. შედეგად საქართველო ერთ-ერთია, რომელიც ყველაზე დიდ დახმარებას იღებს ევროკავშირისგან კორონავირუსის კრიზისის დროს“, – განაცხადა სვენ მიქსერმა.

როგორც მან აღნიშნა, ახლა, როდესაც ახალი კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები შემსუბუქდა, ყურადღება კვლავ მიიპყრო 8 მარტის შეთანხმების შესრულების საკითხმა.

„მჯერა, პრეზიდენტ ზურაბიშვილის გადაწყვეტილება, შეიწყალოს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, გზას უხსნის პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვას. ასევე არის სხვა ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც საჭიროა, რათა დაცული იყო სასამართლოს დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა. მაგრამ, ვფიქრობ, პრეზიდენტის შეწყალება, ხელს შუწყობს პოლიტიკურ პარტიებს 8 მარტის შეთანხმების ყველა ნაწილის შესრულებაში წინ წაიწიონ.

მიუხედავად „კოვიდ-19“-ის გამო დაკარგული დროისა, ჯერ კიდევ არის შესაძლებელი, რომ საქართველოში საკონსტიტუციო რეფორმების პროცესი დასრულდეს, რათა საარჩევნო სისტემის რეფორმა შედგეს, რომლითაც საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს.

კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ საჭირო საკანონმდებლო ცვლილებები გაჭიანურების გარეშე იყოს მიღებული. აუცილებელია, კანონში გაიწეროს ყველა მნიშვნელოვანი ასპექტი და გათვალისწინებული იყოს ყველა ხარვეზი, რაც წინა არჩევნების დროს ეუთო-მ და ევროპარლამენტმა დააფიქსირა. მაგრამ, ამავე დროს, მე მიხარია, რომ მთავარი პოლიტიკური მოთამაშეები მოწოდებული არიან, პროგრესს მიაღწიონ“, – განაცხადა საკითხის მომხსენებელმა.

სვენ მიქსერმა აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, 8 მარტის შეთანხმება სრულად შესრულდეს.

„მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ევროპარლამენტის საქმე არ არის, საქართველოს ან ნებისმიერ სხვა პარტნიორს დაუდგინოს, რომელი სისტემა უნდა გამოიყენოს საპარლამენტო არჩევნების დროს. ამასთან საკონსტიტუციო რეფორმა, რომლის მიხედვითაც პროპორციულ სისტემაზე გადასვლა 2024 წლიდან იყო დაგეგმილი, თვალსაჩინო და ხაზგასასმელი ნაბიჯი იყო, რის გამოც მმართველი პარტია შექებას იმსახურებს. თუმცა, შემდეგ გადაწყდა, რომ ამ რეფორმამ გადმოიწიოს. ეს იყო დაპირება, რომელიც დადეს შარშან ივნისში საპროტესტო აქციები დროს, რაც შემდეგ ვერ განხორციელდა, რადგან პარლამენტში საკმარისი ხმები არ შეგროვდა და გამოიწვია პოლიტიკური ჩიხი. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 8 მარტის შეთანხმება სრულად შესრულდეს

დიდი ბოდიში, რომ ამდენი დრო დავუთმე საქართველოს შიდა პოლიტიკას, მაგრამ პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლა და პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა მნიშვნელოვანია ყველა სხვა სფეროში მდგრადი განვითარების მისაღწევად“, – განაცხადა ევროდეპუტატმა.

ამასთან, სვენ მიქსერის განმარტებით, მან ანგარიშში ხაზი გაუსვა მედიათავისუფლების დაცვის აუცილებლობას და, რომ ყველა პარტიას მედიასთან თავისუფალი წვდომა ჰქონდეს, განსაკუთრებით წინასაარჩვენო პერიოდში; ასევე ხაზი გაესვა გენდერულ თანასწორობას და დისკიმინაციასთან ბრძოლის აუცილებლობას.

„მე გავუსვი ხაზი სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის უმაღლესი სტანდარტების პატივისცემის აუცილებლობას და სამართლიანი სასამართლოს უფლების მნიშვნელობას, რაც საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებებიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა ევროდეპუტატმა.

მან ხელისუფლებას მოუწოდა, მაღალი რანგის მოსამართლეების დანიშვნამდე სრულად გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები.

„მე მოვუწოდებ საქართველო ხელისუფლებას, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები იყოს სრულად გათვალისწინებული, ვიდრე მაღალი რანგის მოსამართლეების დანიშვნა მოხდება. აქვე გამოვხატავ მწუხარებას წინა დანიშვნების პროცესში დაფიქსირებული ხარვეზების გამო.

ჩემს ანგარიშში ასევე ისმის მოწოდება თანამშრომლობის გაღრმავებისკენ ინფრასტრუქტურული და ვაჭრობის სფეროში. დოკუმენტში კიდევ ერთხელ არის მოწოდება ევროკომისიის მიმართ, რომ უზრუნველყოს საქართველოს ჩართულობა ევროკავშირის სააგენტოების მუშაობაში“, – განაცხადა ესტონელმა ევროდეპუტატმა, საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიშის ავტორმა, სვენ მიქსერმა.

banner
წინა სტატიაშიმარინა კალიურანდი : კოლეგებს მოვუწოდებ, ვიყოთ თავშეკავებული, სამართლიანი, გამოვიჩინოთ მაღალი პასუხისმგებლობა და გვახსოვდეს, რომ საქართველოს არჩევანი ევროპული გზაა
შემდეგი სტატიაგიორგი რურუას წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები ძალიან ჰგავს ყალბს და ისინი უნდა მოიხსნა