სუსი, რომელსაც ივანიშვილის დაცვის ყოფილი უფროსი ხელმძღვანელობს, თავისუფალ მედიაზე ბრძოლის იარაღია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ნიკა მელია, ზაზა ბიბილაშვილი, სალომე სამადაშვილი და ირაკლი ქავთარაძე დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.


შეხვედრის ძირითად თემას ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს გარშემო განვითარებული მოვლენები წარმოადგენდა. მხარეებმა ისაუბრეს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მოსამართლეების განცხადებაზე, რომ მათზე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა ხორციელდება.
„ჩვენ ვისაუბრეთ რუსთავი 2- თან დაკავშირებით გუშინ მომხდარ შემთხვევაზე. ვისაუბრეთ იმაზე, რომ სუსი, რომელსაც ივანიშვილის დაცვის ყოფილი უფროსი ხელმძღვანელობს, თავისუფალ მედიაზე ბრძოლის იარაღია. მათ ყურადღებით მოისმინეს ყველა დეტალი და ტელეკომპანიას ჩართულობის თვალსაზრისით დახმარება აღუთქვეს.


რაც შეეხება სხვა საკითხებს, ბუნებრივია ვისაუბრეთ შიდა პარტიულ საკითხებზე, საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომელიც პრეზიდენტის არჩევის წესისი შეცვლას გულისხმობს. „
პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ზაზა ბიბილაშვილის განცხადებით კი, პარტიის წარმომადგენლებმა ვიზალიბერალიზაციის პროცესში მხარდაჭერისთვის ელჩებს მადლობა გადაუხადეს.
„რუსთავი 2“-ის საკითხი იყო ერთ-ერთი ცენტრალური თემა. ჩვენ გავაცანით ის პრობლემატიკა, რომელიც ამასთან არის დაკავშირებული. ჩვენ ამ დღემდეც ვეუბნებოდით, რომ მას შემდეგ, რაც ვიზალიბერალიზაციის საკითხი გადაწყდება, „რუსთავი 2“-ის მიმართ რისკები მნიშვნელოვნად იზრდებოდა. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ და ქართველმა ხალხმა გამოიყენონ ყველა ბერკეტი იმისთვის, რომ „რუსთავი 2“ დავიცვათ“, – განაცხადა ბიბილაშვილმა.


დეპუტატ სალომე სამადაშვილის განცხადებით, მხარეებს შორის საუბარი ასევე შეეხო იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დგას.
„საერთაშორისო თანამეგობრობას კარგად ესმის, რომ დღეს ამ ქვეყნის დემოკრატიის მომავალი სწორედ ენმ-ის მომავალზე გადის“ – აღნიშნა სამადაშვილმა.
შეხვედრას ესწრებოდნენ პოლონეთის ელჩის მრჩეველი, საფრანგეთის ელჩი, ამერიკის საელჩოს პოლიტიკურ საკითხთა დეპარტამენტის უფროსი, იტალიის ელჩი, ბრიტანეთის ელჩის მოადგილე, ლატვიის ელჩის მოადგილე, ლიტვის ელჩი, ნატო-ს ელჩის მოადგილე, რუმინეთის ელჩის მოადგილე, ბულგარეთის ელჩი, უნგრეთის ელჩის მოადგილე, ევროსაბჭოს მისიის ხელმძღვანელი, შვედეთის საელჩოს წარმომადგენელი, ესტონეთის ელჩის კონსული-მრჩეველი, IRI – ს ოფისის ხელმძღვანელი, NDI-ს საპარლამენტო პროგრამის ხელმძღვანელი.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტთან კონსულტაციები ბევრად უფრო სასარგებლო იქნებოდა ვეტოს დადებამდე – თამარ ჩუგოშვილი
შემდეგი სტატიალევან მურუსიძე არ ასახელებს ყოფილი ხელისუფლების იმ წარმომადგენლის ვინაობას, რომელმაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს ზეწოლის შემცველი შეტყობინებები გაუგზავნა