სუს-ის თანამშრომლის ოჯახში ადასტურებენ, რომ ბათუმში დაპირისპირების მიზეზი შესაძლოა, ძალოვან უწყებებს შორის უთანხმოება გამხდარიყო

ახალი დეტალები ბათუმში მომხდარ არეულობაზე – პოსტსკრიპტუმში გაჟღერებულ ვერსიას, რომ შესაძლოა, დაპირისპირების მიზეზი ძალოვან უწყებებს შორის უთანხმოება გამხდარიყო, დღეს სუს-ის თანამშრომლის, ამირან ყიფიანის, ოჯახშიც ადასტურებენ.

ამირან ყიფიანის ძმა რამდენიმე დღის წინ საპატრულო პოლიციამ დააჯარიმა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. კამათის შემდეგ ყიფიანის ძმა დააკავეს. ოჯახში ამბობენ, რომ მათ დაპირისპირების ამსახველი მასალაც გააჩნიათ.

ბათუმში დაწყებული საპროტესტო აქცია, რომლის მთავარი მოთხოვნა დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება იყო, მოგვიანებით ძალადობრივ დაპირისპირებაში გადაიზარდა. აქციაზე სპეცრაზმის მცირეხნიანმა გამოჩენამ სიტუაცია უფრო დაძაბა და ახალი საპროტესტო კერა გააჩინა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ბათუმის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის განცხადებით, აჭარის საპატრულო პოლიციასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შორის დაპირისპირება არსებობდა. ამის მიზეზი კი, გიორგი კირთაძის თქმით, სუს-ის მაღალჩინოსნის ახლობლის დაკავება იყო. ის აცხადებს, რომ მოგვიანებით ეს დაპირისპირება უფრო მასშტაბური გახდა და სუს-მა გადაწყვიტა „სამაგალითოდ დაესაჯა“ აჭარის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი.

„სუს-ს ჰქონდა დაპირისპირება საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელთან, მან გადაწყვიტა, რომ ის უნდა მოეშორებინა თავისი ხელქვეითების დახმარებით, ამ შემთხვევაში, ღოღობერიძის დახმარებით, ოღონდ შემდეგ უკვე სიტუაცია ვეღარ მართეს და მიიყვანეს იმ დონემდე, რა დონემდეც მიიყვანეს,“ – განაცხადა გიორგი კირთაძემ.

ბათუმში საპატრულო პოლიციის, კერძოდ კი უფროსის, კახა ბუხრაძის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო ტალღა 9 მარტს, უფლებადამცველისა და აქტივისტის, მერაბ ღოღობერიძის ორგანიზებით დაიწყო. სწორედ ის ავრცელებდა სოციალური ქსელის საშუალებით ინფორმაციას აჭარის საპატრულო პოლიციის მხრიდან მოსახლეობისადმი შეურაცხყოფების მიყენების თაობაზე, თუმცა ამ ფაქტების დამამტკიცებელი მასალა დღემდე არ აქვს.

აღსანიშნავია, რომ მერაბ ღოღობერიძეს, სხვადასხვა პოლიტიკურ წრეში იცნობენ, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დავალებების შემსრულებელს. ის რამდენჯერმე გასამართლებულანაციონალური მოძრაობის პირების მიმართ, ფეხსაცმლისა და თუ კვერცხების სროლის გამო, თუმცა თავად ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ის ხელისუფლების მანკიერ მხარეებსაც ყოველთვის ავლენს და სუს-ის დავალებების შესრულების თაობაზე ინფორმაციას უარყოფს.

წყარო:რუსთავი2

banner
წინა სტატიაშიევროკავშირის ლიდერები თურქეთს “აზრზე მოსვლისკენ” მოუწოდებენ
შემდეგი სტატიალევან ვარშალომიძე ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს