სუს-ი სამხრეთ ოსეთში დაკავებული გიორგი გიუნაშვილის მიმართ წაყენებულ ბრალდებას აბსურდულს უწოდებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში დაკავებული საქართველოს მოქალაქის გიორგი გიუნაშვილის მიმართ წაყენებულ ბრალდებას აბსურდულს უწოდებს.
როგორც ”თაიმერს” სუს-ში განუცხადეს, გიუნაშვილი საოკუპაციო ძალებმა 8 ივნისს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს, ხოლო ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ მისი გათავისუფლების საკითხი, სხვა უკანონო დაკავებულების საკითხთან ერთად, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ბოლო შეხვედრაზე დაისვა.

”აღნიშნული პირი საოკუპაციო ძალებმა 8 ივნისს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ მისი გათავისუფლების საკითხი, სხვა უკანონო დაკავებულების საკითხთან ერთად, დაისვა IPRM-ის ბოლო შეხვედრაზე. საოკუპაციო ძალებმა განაცხადეს, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარეობდა ე.წ. გამოძიება, დეტალური ინფორმაცია არ მოუწოდებიათ. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას აღნიშნულ ბრალდებასთან დაკავშირებით, ეს არის აბსურდული ბრალდება. გიუნაშვილი არის უკანონო პატიმარი და მანამ, სანამ ის არ იქნება გათავისუფლებული უკანონო პატიმრობიდან, მისი საკითხი არ მოიხსნება IPRM-ის და სხვა ფორმატების დღის წესრიგიდან, რომელშიც ვიღებთ მონაწილეობას”, – აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელიც, მარიონეტული რეჟიმის მტკიცებით, დივერსიულ-ტერორისტულ საქმიანობაშია ეჭვმიტანილი. დაკავებულია სოფელ დისევის მკვიდრი, 1978 წელს დაბადებული გიორგი ლევანის ძე გიუნაშვილი. ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, დაკავებული 2004 წლიდან „იღებდა აქტიურ მონაწილეობას ქართული სპეცსამსახურების კონტროლირებად უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში – ცხინვალის რაიონის სოფელ დისევის ე.წ. „თავდაცვის ჯგუფში“.
მარიონეტული რეჟიმის ცნობით, დაკავებული გიუნაშვილი 2007 წელს ხელყუმბარის აფეთქებაშია ეჭვმიტანილი. ასევე, 2008 წლის 11 აგვისტოს, ცეცხლსასროლი იარაღით დაცხრილა ოსური მხარის სამხედროები, რომლებიც სოფლის მიმდებარედ პატრულირებას ახორციელებდნენ, რასაც ერთი სამხედრო ემსხვერპლა, კიდევ ერთი მძიმედ დაშავდა.
„ამჟამად მიმდინარეობს ღონისძიებები გიორგი გიუნაშვილის სამხრეთ ოსეთის ხალხის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებრივი ქმედებების ყველა ასპექტის დასადგენად“, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიმსაჯულებმა მაგდა პაპიძე დამნაშავედ ცნეს
შემდეგი სტატიამამუკა კუდავა „ქართულ ოცნებას“ ობსტრუქციაში ამხელს