სუს-მა შესაძლოა “ისლამურ სახელმწიფოსთან” კავშირის გამო რამდენიმე პირის სამართლებრივი დევნა დაიწყოს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის ლევან იზორიას განცხადებით, ტერორისტულ დაჯგუფება “ისლამურ სახელმწიფოსთან” კავშირის გამო უწყებამ რამდენიმე პირი უკვე დააკავა.

როგორც იზორიამ ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში, გადაცემა “მაესტროს ფაქტორში” სტუმრობისას აღნიშნა, ასეთ ფაქტებზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოძიებებს აწარმოებს. სუს-ის უფროსის მოადგილემ “ისლამური სახელმწიფოს” ქართულ ვებ-გვერდებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, აღნიშნული გვერდების გაუქმების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართავს

“გამოძიება დაწყებულია და ბუნებრივია, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვატარებთ ოპერატიულ ღონისძიებებს, მათ შორის, აქტიური მომხმარებლების დადგენის თვალსაზრისით. ვადევნებთ თვალყურს, თუ ვინ არის მისი აქტიური მომხმარებელი, თუმცა ახლო მომავალში ჩვენ შუამდგომლობით წარვდგებით სასამართლოს წინაშე, რომ ასეთი ვებ-გვერდების არსებობა აიკრძალოს. გამოძიება დაწყებული იყო და ოპერატიული ინფორმაციის მოპოვების მიზნით, ერთგვარად მიზანშეწონილი იყო მისი გარკვეული პერიოდით არსებობა, რათა ჩვენ მეტი საფუძველი და სიმტკიცე გვქონოდა გარკვეული ინფორმაციის დადგენის თვალსაზრისით. უკვე გვაქვს საფუძველი, რომ გარკვეულ პიროვნებებზეც დავიწყოთ დევნა”, – განაცხადა იზორიამ.

კითხვაზე კონტროლდებოდა თუ არა აღნიშნული ვებ-გვერდი საქართველოდან სუს-ის უფროსის მოადგილეს კონკრეტული პასუხი არ გაუცია.

banner
წინა სტატიაშიჰარვარდის უნივერსიტეტის 4 შენობაში ევაკუაცია გამოცხადდა
შემდეგი სტატიატარიელ ფოცხვერია შესაძლოა გაათავისუფლონ