5.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, აპრილი 15, 2026
banner

სუს-მა საქართველოსა და უცხო ქვეყნების ყალბი პირადობის დამადასტურებელი და მართვის მოწმობების დამზადების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, თბილისსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტში კომპლექსურად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადებისა და გასაღების ფაქტები გამოავლინეს.

„კონტრტერორისტული ცენტრის მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, სისტემატურად ამზადებდა საქართველოსა და უცხო ქვეყნების ყალბ პირადობის დამადასტურებელ და მართვის მოწმობებს.

იგი აღნიშნულ დოკუმენტებს საზღვარგარეთ მყოფ დამკვეთებთან და შუამავალ პირებთან ფოსტით აგზავნიდა. კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს ყალბი დოკუმენტების დასამზადებელი სპეციალური მოწყობილობები, კომპიუტერული ტექნიკა, ათეულობით დასაბეჭდი პლასტიკური ბარათი, ასევე უცხო ქვეყნებში გასაგზავნად გამზადებული ყალბი მართვის მოწმობები, მობილური ტელეფონები. ამასთან, საქართველოს ფოსტიდან ამოღებულია საზღვარგარეთ დაჩქარებულად გასაგზავნი ყალბი დოკუმენტები.

აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,– აღნიშნულია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიაუდიტი: I კვარტლის მონაცემებით, “ქართულმა ოცნებამ” 980 000 ლარის შემოწირულობა მიიღო
შემდეგი სტატიაშსს-მ უკანონო ბრუნვიდან ამოღებული, 19 მილიონ ლარამდე ღირებულების 626 კილოგრამი სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება გაანადგურა