სუს-მა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და “უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების” მუხლებით, BBC-ის ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო
“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება დაიწყო BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.
გამოძიების მიზანია, დეტალურად დადგინდეს, რა ინფორმაციას ეყრდნობოდა BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძვლად გამოყენებული ადამიანების ინტერვიუები, მათ მიერ გახმოვანებული ცნობები და რამდენად რელევანტური შეიძლება იყოს ეს ინფორმაცია.
დღეის მდგომარეობით, შემდგარ ფაქტად შეგვიძლია მივიჩნიოთ მხოლოდ ის, რომ ერთი მხრივ, გავრცელებული მასალა შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, რომელიც, დადასტურების შემთხვევაში, მიმართულია მოქალაქეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისაკენ, არსებითად არღვევს მათი და საზოგადოების კანონიერ ინტერესებს და მეორე მხრივ, პირიქით, შეიცავს იმ დანაშაულის ნიშნებს, რომელიც უხეშად აზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, მის საერთაშორისო იმიჯს, რეპუტაციას და მიმართულია სახელმწიფო ინტერესების ხელყოფისაკენ.
შესაბამისად, გამოძიება დავიწყეთ სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და 319-ე მუხლით, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.
გამოძიება იმუშავებს ყველა მიმართულებით და შედეგების შესახებ საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით დეტალურ და ამომწურავ ინფორმაციას”, – წერია განცხადებაში.
დღეს BBC-მ გამოაქვეყნა სტატია, სადაც ნათქვამია, რომ ოცნებამ პროევროპული აქციების მონაწილეების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნაერთი “კამიტე” გამოიყენა. გამოცემა წერს, რომ კანის წვა, სუნთქვის გაძნელება, ხველა, ღებინება და სხვა სიმპტომები, რომლებიც თვეზე მეტ ხანს გრძელდებოდა, შესაძლოა, იმ ნივთიერებით ყოფილიყო გამოწვეული, რომელსაც შეეძლო ფატალური შედეგიც გამოეწვია. საშიში ქიმიური ნივთიერება – კამიტი საფრანგეთმა პირველი მსოფლიო ომის დროს გერმანიის წინააღმდეგ გამოიყენა. ის მიმოქცევიდან 1930-იან წლებში ამოიღეს მისი საშიში ეფექტის გამო. BBC წერს, რომ ნივთიერების დადგენაში მათ მაღალი რანგის ინფორმატორი სპეცრაზმიდან, ექიმები და ექსპერტები დაეხმარა
















