სუს – კოდა-ჭვრინისის სეგმენტზე უკანონო ხელოვნური ბარიერების აღმართვა საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის გაგრძელებაა

კოდა-ჭვრინისის სეგმენტზე უკანონო ხელოვნური ბარიერების აღმართვა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის გაგრძელების მორიგი ფაქტია,- ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციაშია აღნიშნული.

როგორც სუს-ში აღნიშნავენ, ამის შესახებ საქართველოს ცენტრალური მთავრობის სახელით ერგნეთში გამართულ IPRM-ის შეხვედრაზე სუს-ის წარმომადგენელმა დეტალურად ისაუბრა. ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის ამსახველი დეტალური მასალა გაზიარებულ იქნა ეუთო-სა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მხრიდან წარმოდგენილ საერთაშორისო მედიატორებთან.

„გასულ თვეში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ქარელის რაიონის სოფ. კოდა-ჭვრინისის სეგმეტზე უკანონო ხელოვნური ბარიერების აღმართვის ფაქტი დაფიქსირდა. ჩვენი შეფასებით ეს არის რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის გაგრძელების მორიგი ფაქტი, რომელიც თავისმხრივ ადგილობრივი მოსახლეობისთვის არამარტო ქმნის კონკრეტულ პრობლემებს, არამედ პირდაპირი მნიშვნელობით აზიანებს უსაფრთხოების გარემოს ადგილზე. აღნიშნულზე, ცენტრალური მთავრობის სახელით გუშინ ერგნეთში გამართულ IPRM-ის შეხვედრაზე სუს-ის წარმომადგენელმა დეტალურად ისაუბრა. ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის ამსახველი დეტალური მასალა ასევე გაზიარებულ იქნა ეუთოს და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მხრიდან წარმოდგენილ საერთაშორისო მედიატორებთან“,-ნათქვამია სუს-ის ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშირუსთავში გერმანელ ტყვეთა სასაფლაოებს გერმანელი ექსპერტები იკვლევენ
შემდეგი სტატიაკახა კალაძე ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს 20 ნოემბერს დაასახელებს