სუს-ის წარმომადგენელი: ჩორჩანაში რუსული სამხედრო ტექნიკის გადაადგილება სახიფათო პროვოკაციაა

28 აგვისტოს ღამით ხაშურის სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალის სამხედრო ტექნიკის გადაადგილება შეინიშნებოდა.

ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა.

სუს-ის ანალიტიკური სამსახურის უფროსის მოადგილის, ირაკლი ანთაძის შეფასებით, ეს უკიდურესად სახიფათო პროვოკაციული ქმედებაა, რომელიც ხელს უწყობს დაძაბულობის ხელოვნურად ესკალაციას.

მისივე თქმით, ეს საკითხი სხვა მწვავე საკითხებთან ერთად დღეს, 29 აგვისტოს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგ შეხვედრაზე მწვავედ დაისმება.

“ჩორჩანაში ადგილი აქვს მცდელობას, ხელოვნურად მოხდეს დაძაბულობის ესკალაცია. ეს არის უკიდურესად სახიფათო და პროვოკაციული ქმედება და ჩვენ ამ საკითხს მთელი სიმწვავით გავაჟღერებთ დღევანდელ შეხვედრაზე.

დაგეგმილია 10 საკითხის განხილვა. განვიხილავთ წინა შეხვედრიდან დღემდე ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაფიქსირებულ ყველა მნიშვნელოვან ინციდენტს, რაც საფრთხეს უქმნის ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს. სამწუხაროდ, მოცემულ პერიოდში უკიდურესად სახიფათო და დესტრუქციული ქმედებების შედეგად დაგროვდა არა ერთი აღმაშფოთებელი ინციდენტი, რასაც მთელი სიმწვავით გავაჟღერებთ დღევანდელ შეხვედრაზე. ვგულისხმობ მაგალითად გუგუტიანთკარში განხორციელებულ უკანონო ბორდერიზაციას, რა დროსაც ადგილობრივ მკვიდრ მოსახლეობას საოკუპაციო ძალებმა პირდაპირ ეზოში აღუმართეს ხელოვნური ბარიერები. ასევე, მწვავედ გავაპროტესტებთ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ საოკუპაციო ძალების პროვოკაციულ ქმედებებს, რაც ადგილზე დაძაბულობის ხელოვნურად ესკალაციას წარმოადგენს. ვისაუბრებთ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ დაკავების ფაქტებზე, ასევე, მთელი სიმძაფრით დადგება ოკუპირებულ ქართულ სოფელ ერეთში საოკუპაციო ძალების მიერ განდევნილი ადგილობრივების სახლების დანგრევის და მათ ადგილზე ნაგავსაყრელის მოწყობის საკითხი”, თქვა ირაკლი ანთაძემ.

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიკომუნიკაციების კომისიას ნიკა გვარამიას მიერ დაფუძნებული „მთავარი არხის“ ლიცენზიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია
შემდეგი სტატიაწალენჯიხის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს