სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განთავსებული სამხედრო ბაზებიდან უკრაინის მიმართულებით მძიმე შეიარაღებისა და სამხედრო მოსამსახურეების ნაწილის გადაყვანა მოხდა, თუმცა ადგილზე კვლავ წარმოდგენილი იყო საოკუპაციო ძალების შესაძლებლობათა 50%-ზე მეტი.
ამასთან, როგორც სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ ალექსი ბატიაშვილმა პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, გასული წლის განმავლობაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე განთავსებულ რუსულ საოკუპაციო ბაზებზე უწყვეტად გრძელდებოდა უკანონო სამხედრო წვრთნები, მიმდინარეობდა გეგმური როტაციები, შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკური საშუალებების განახლება და ადგილი ჰქონდა სხვა უკანონო აქტივობებს.
სუს-ის შეფასებით, საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის ძირითად საფრთხეს კვლად რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია წარმოადგენს.
„2022 წელს რუსეთის წინააღმდეგ განხორციელებულმა სამხედრო აგრესიამ რეგიონში გეოპოლიტიკური კრიზი შექმნა და რეგიონის არაერთი ქვეყანა, მათ შორის საქართველო ურთულესი გამოწვევების წინაშე დააყენა. შექმნილმა ვითარებამ კიდევ უფრო მეტად გამოკვეთა ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული ეგზისტენციალური საფრთხეები.
საქართველოსთვის და სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩებოდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის პერიოდულად მიმდინარე შეიარაღებული დაპირისპირებები და მათი შესაძლო გამწვავების რისკი“, – განაცხადა ალექსი ბატიაშვილმა.
ამავე ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ეთნიკური ქართველების მიმართ საოკუპაციო ძალის მხრიდან ხორციელდებოდა ეთნიკური დისკრიმინაცია და მათი ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვა, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციებს გასული წლების მსგავსად კვლად არ ჰქონდათ ოკუპირებულ რეგიონებში შესვლისა და მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა.
სუს-ის ინფორმაციით, რუსეთში გამოცხადებული სამხედრო მობილიზაციის პირობებში ხორციელდებოდა ოკუპირებულ ცხინვალში მცხოვრები მოსახლეობის კონტროლი. აღნიშნულთან დაკავშირებით რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის როკის მონაკვეთზე სამხედრო გაწვევის პუნქტი ამოქმედდა.
პარლამენტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშს იხილავს. დოკუმენტი ალექსი ბატიაშვილმა პარლამენტის სამი კომიტეტის – თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე წარადგინა.