სუს-ი თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრის, თემურ გორგაძის საქმეზე ერთ-ერთ მტკიცებულებას ასაჯაროებს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრის, თემურ გორგაძის ადვოკატის განცხადებას პასუხობს და საქმის ერთ-ერთ მტკიცებულებას ასაჯაროებს.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობის მცდელობაში დამნაშავედ ცნო თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი წევრი, კრწანისის რაიონის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი თემურ გორგაძე და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, თემურ გორგაძეს ექვსი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

როგორც სუს-ში აცხადებენ, დღეს სასამართლო პროცესის შემდეგ ბრალდებულის ადვოკატმა განაცხადა, რომ თემურ გორგაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე გრიგოლ ლილუაშვილი პოლიტიკური მოტივით ანგარიშსწორებაში დაადანაშაულა და მისი დაკავება სწორედ გრიგოლ ლილუაშვილის ინტერესებს დაუკავშირა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს. სასამართლომ გამამტყუნებელი გადაწყვეტილება საქმეში არსებული არაერთი მტკიცებულების საფუძველზე მიიღო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თემურ გორგაძე 2018 წლის 28 თებერვალს დააკავა. გამოძიებამ დაადგინა, რომ თემურ გორგაძემ საქართველოს მოქალაქეს, მისი ნათესავის შეწყალების კომისიის მეშვეობით პატიმრობიდან განთავისუფლების სანაცვლოდ, მოსთხოვა 7000 ამერიკული დოლარი. ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა თემურ გორგაძე მოთხოვნილი თანხის ნაწილის – 3500 ამერიკული დოლარის გადაცემის დროს დააკავეს. საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ საქმის ერთ-ერთ მტკიცებულებას – ვიდეოჩანაწერს, სადაც ნათლად ჩანს თემურ გორგაძის დანაშაულებრივი ქმედება“, – აცხადებენ სუს-ში.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დედაქალაქის საკრებულოს ყოფილი წევრის თემურ გორგაძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დღეს გამოიტანა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკების ასოციაციაში ვალების განულების საკითხზე განმარტებას აკეთებენ
შემდეგი სტატიამიგრანტების ქარავანმა მექსიკაში პროტესტი გამოიწვია