სუს-ი გოგაშვილის წასვლით არ შეიცვლება, თავად გოგაშვილს კი “ჰაერში“ არ დატოვებენ

იოსებ გოგაშვილის სუს-იდან წასვლა მაშინვე იყო მოსალოდნელი, რაც იქ გრიგოლ ლილუაშვილი მიავლინეს, – ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გივი თარგამაძემ სუს-ის უფროსის მოადგილის, იოსებ გოგაშვილის გადადგომის შესახებ განაცხადა.

მისი თქმით, ამის მოლოდინი არსებობდა, რადგან ქვეყანაში ყველა საკვანძო ადგილი ბანკ „ქართუსთან“ დაკავშირებულ კადრებს ბარდება.

როგორც თარგამაძემ აღნიშნა, იოსებ გოგაშვილი ბევრ ინფორმაციას ფლობს და მას მაქსიმალურად იყენებდნენ არასასიამოვნო მიმართულებით.

„ეს არ არის დიდი მოულოდნელობა. ამის მოლოდინი უკვე გარკვეული პერიოდია არსებობდა იმ გადაადგილებებიდან გამომდინარე, რაც ბოლო დროს ხდება. პრაქტიკულად ყველა საკვანძო ადგილი, არა მხოლოდ ძალოვან სტრუქტურებში, ბარდება უშუალოდ „ქართუსთან“ დაკავშირებულ, ანუ ბიძინა ივანიშვილისთვის ახლობელ კადრებს. ასეთია მაგალითად, გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში იქნა სუს-ში მივლინებული და მაშინვე იყო მოსალოდნელი გოგაშვილის წასვლა. უბრალოდ, ეს პერიოდი მასთან გარკვეულ ვაჭრობას დასჭირდა იმისათვის, რომ ის ინფორმაცია, რასაც ის ფლობს, შენახული იყოს.

მას ბევრი ინფორმაცია აქვს, ბუნებრივია. ეს ადამიანი მაქსიმალურად გამოიყენეს ყველაზე არასასიამოვნო მიმართულებით და თუ გავითვალისწინებთ იმ მადლობის სიტყვებს, რომელიც შოთაძეს უძღვნა ივანიშვილმა, შეიძლება აქაც ველოდოთ რაღაც ასეთს.

მე ვფიქრობ, რომ სუს-ი გოგაშვილის წასვლით არ შეიცვლება. რაც შეეხება თავად გოგაშვილის მომავალ ბედს, ვფიქრობ, რომ მას არ დატოვებენ ჰაერში და დააკმაყოფილებენ მის საჭიროებებს შესაბამისად,“ – განაცხადა გივი თარგამაძემ.

banner
წინა სტატიაშითბილისში ყავის სახლის ფილიალი გაქურდეს
შემდეგი სტატიააუცილებლად უნდა დაიწყოს სოსო გოგაშვილის წინააღმდეგ გამოძიება