სუს-ი : ექსპერტიზით დადგინდა, რომ სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებული ერთი პირი ახმედ ჩატაევია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება

“მინდა მოგაწოდოთ ამ ეტაპისთვის არსებული ინფორმაცია 21-22 ნოემბერს
თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ ანტიტერორისტულ
სპეცოპერაციასთან დაკავშირებული გამოძიების შესახებ.

ამერიკელი კოლეგების დახმარებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით და
ექსპერტიზით, მათ შორის დნმ-ის ანალიზით და თითის ანაბეჭდებით
(დაქტილოსკოპიური კვლევით), დადგენილ იქნა, რომ ლიკვიდირებული პირებიდან
ერთ-ერთი ახმედ ჩატაევია.

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს თან მათი ვინაობის მაიდენტიფიცირებელი
არანაირი დოკუმენტი არ ჰქონიათ.აღნიშნული პირების იდენტიფიკაციის პროცესში
ჩართულები არიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები.

გამოძიების ფარგლებში დგინდება, თუ როგორ მოხვდნენ აღნიშნული ჯგუფის
წევრები საქართველოში და ასევე დგინდება მათი შესაძლო კავშირი სხვა
დანაშაულებრივ პირებთან.

გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ საქმის შესახებ დამატებითი
ინფორმაცია.საერთაშორისო პარტნიორების მიერ მოწოდებული ინფორმაციის
საფუძველზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო სპეციალური
დამატებითი ღონისძიებების გატარება შესაძლო დანაშაულებრივი ჯგუფის
გაუვნებელყოფის მიზნით. სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებულ იქნა 1 პირი.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სპეცოპერაციის საწყის ეტაპზე, რამდენიმე
საათის განმავლობაში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული
დეპარტამენტი მათთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს დანებების
თაობაზე.მოლაპარაკებების პარალელურად, მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის
მიზნით, განხორციელდა ადგილობრივი მაცხოვრებლების ევაკუაცია კორპუსიდან და
ასევე, მიმდებარე ტერიტორიიდან. მრავალსაათიანი და ინტენსიური ოპერაციის
დროს, მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ შექმნია.

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა სამართალდამცავების შეთავაზებაზე, რომ
დანებებულიყვნენ, უარი განაცხადეს, გახსნეს ცეცხლი ავტომატური ცეცხლსასროლი
იარაღიდან და ხელყუმბარები ისროლეს.

სპეცოპერაცია მიმდინარეობდა მჭიდროდ დასახლებულ გარემოში და ყველა
კონკრეტული ნაბიჯი იგეგმებოდა უსაფრთხოების მაქსიმალურად დაცვის
გათვალისწინებით. 20 საათიანი სპეცოპერაციის შედეგად, დანაშაულებრივი
ჯგუფის წევრებიდან 2 პირის ლიკვიდაცია განხორციელდა, ხოლო ბინაში მყოფმა
ერთმა პირმა – ახმედ ჩატაევმა თავი აიფეთქა. სამწუხაროდ, ერთი
თანამშრომელი, ივანე გოლაშვილი ამ სპეცოპერაციის დროს დაგვეღუპა. დაიჭრა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ორი, და შინაგან საქმეთა სამინისტროს
ორი თანამშრომელი.

გავრცელებული ინფორმაცია, რომ სპეცოპერაციის დროს აღნიშნული ბინიდან
დანაშაულებრივი ჯგუფის ორმა წევრმა გაქცევა შეძლო, სიმართლეს არ
შეესაბამება.

გამოძიების ამ ეტაპზე, სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახური, საერთაშორისო
პარტნიორებთან ერთად მუშაობს შესაძლო საფრთხეების პრევენციაზე, რათა
მოსახლეობის უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული.

კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ გარდაცვლილი ივანე გოლაშვილის ოჯახს.

დაჭრილი სპეცრაზმელების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მათი
ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მადლობას ვუხდით ყველა იმ თანამშრომელს, სპეცრაზმელს და პოლიციელს, ვინც
საკუთრი სიცოცხლის რისკის ფასად, დაიცვა ჩვენი მოქალაქეები.

მადლობას ვუხდით ჩვენს მოსახლეობას სპეცოპერაციის დროს გამოჩენილი
მოთმინებისა და თანამშრომლობისთვის.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საქმეზე გრძელდება გამოძიება
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე მუხლის მესამე ნაწილით,
3231-ე მუხლის პირველი ნაწილით და 328-ე მუხლით-ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვისთვის შსს-მ თბილისში ერთი პირი დააკავა
შემდეგი სტატიასუს-ის ინფორმაციით, სპეცოპერაციისას ახმედ ჩატაევმა თავი აიფეთქა