სუს-ის ანგარიშის წარდგენა პარლამენტში დახურულ ფორმატში მიმდინარეობს

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე აპრილი 13, 2017 11:55

სუს-ის ანგარიშის წარდგენა პარლამენტში დახურულ ფორმატში მიმდინარეობს

ამ წუთებში პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ საკითხთა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე სუს-ის მიერ გაწეული საქმიანობის 2016 წლის ანგარიშს დახურულ ფორმატში წარადგენს. ანგარიშში ტერორიზმზე ოკუპაციაზე და აგენტურულ საქმიანობაზეა საუბარი. ტაბატაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ზოგადი ანგარიში ღია ფორმატში წარადგინა. ამის შემდეგ კომიტეტების ხელმძღვანელებმა დეპუტატებს სხდომის დახურვა შესთავაზეს. ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, რომ დეპუტატებს აქვთ ისეთი შინაარსის კითხვები, რაც სახელმწიფო საიდუმლოების შემცველია და სხდომა უნდა დაიხუროს. ამ წინადადებას ოპოზიციონერი დეპუტატების უკმაყოფილება მოჰყვა. ირმა ნადირაშვილსა და ეკა ბესელიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ნადირაშვილმა ბესელია შეურაცხყოფაში დაადანაშაულა. საბოლოოდ, ჩატარდა კენჭისყრა და კომიტეტების წევრებმა ხმათა უმრავლესობით სხდომის დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს.

2016 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 17 საქმეზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემულია 21 პირი. ანგარიშის თანახმად, 2016 წლის 20 აგვისტოს ტერორისტული აქტის ჯგუფურად მომზადებისათვის და ტერორისტული მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერებების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა, ტარების ფაქტზე საქართველოს 7 მოქალაქე დააკავეს.

„უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურები ლეგალური და არალეგალური პოზიციებიდან მუდმივად ცდილობენ შეაღწიონ ხელისუფლების ორგანოებსა და ქვეყნის უსაფრთხოების სტრუქტურებში, მოიპოვონ წვდომა სახელმწიფო საიდუმლოებაზე, გადაიბირონ ან/და ჩანერგონ კონკრეტული პირები, მოიპოვონ ინფორმაცია საქართველოს პოლიტიკურ, სამხედრო და ეკონომიკურ სფეროებში მიმდინარე პროცესების შესახებ. მათ ძირითად მისწრაფებას ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე ზეგავლენის მოხდენა წარმოადგენს. აღნიშნულის გასანეიტრალებლად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მუდმივ რეჟიმში ახორციელებდა საქართველოში მოქმედი უცხო ქვეყნების სადაზვერვო სამსახურების საქმიანობის, გეგმების, მათ მიერ გამოყენებული ძალებისა და საშუალებების, მოქმედების ფორმებისა და მეთოდების, დაინტერესების ობიექტებისა და კავშირების შესწავლას, ასევე სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედებების გამოვლენას და აღკვეთას“, – წერია ანგარიშში.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე აპრილი 13, 2017 11:55

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


14,472
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics