სურსათის ეროვნული სააგენტო პურის ეტიკეტირების კონტროლს ააქტიურებს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, სასტუმრო „ბომონდ გარდენში“ პურის მწარმოებლებთან შეხვედრა გაიმართა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ბიზნესოპერატორებს პურის უვნებლობის, ეტიკეტირებისა და რეალიზაციის სავალდებულო მოთხოვნების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

სურსათის ეროვნული სააგენტო პურის უვნებლობასა და ეტიკეტირების წესის დაცვაზე სახელმწიფო კონტროლს ააქტიურებს. სავალდებულოა ეტიკეტზე დატანილი იყოს სრულყოფილი ინფორმაცია ინგრედიენტების და საკვები დანამატების შესახებ.

„პურის, როგორც პირველადი მოხმარების სურსათის მიმართ საზოგადოების ინტერესი მაღალია და მნიშვნელოვანია, მომხმარებელს ჰქონდეს უტყუარი ინფორმაცია. მომხმარებლის ინტერესების დაცვა და ბიზნესოპერატორების ინფორმირებულობის გაზრდა სააგენტოს პრიორიტეტებია. შესაბამისად, სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს ბიზნესსექტორთან და მათ პერიოდულად მიეწოდებათ ინფორმაცია უვნებლობის სტანდარტების სავალდებულო მოთხოვნებზე. პარალელურად მომხმარებლის უფლებებისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, სააგენტო განაგრძობს სამომხმარებლო ბაზრის კონტროლს,“ – განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა.

სურსათის ეროვნული სააგენტო პურისა და პურპროდუქტების სახელმწიფო კონტროლს როგორც წარმოების, ასევე რეალიზაციის ეტაპზე ახორციელებს.

ყოველწლიურად ბიზნესოპერატორების ინსპექტირება, დოკუმენტური შემოწმება და მონიტორინგი (ნიმუშების ლაბორატორიული კვლევა) ტარდება. 2015-2016 წლებში დოკუმენტურად შემოწმდა 219 ბიზნესოპერატორი (მ.შ. 28 – 2015 წელს, 191 – 2016 წელს). ეტიკეტირების წესის დარღვევისთვის 19 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა.

პურის მწარმოებლებთან გამართულ შეხვედრას სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს, პურის მწარმოებელთა კავშირის, მეხორბლეთა ასოციაციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრა ევროკავშირის ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროექტის (CIB) მხარდაჭერით ჩატარდა.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
შემდეგი სტატიასაავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული