გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, დავით სონღულაშვილი, თურქეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, მან მონაწილეობა მიიღო მაღალი დონის მინისტერიალის გახსნის ღონისძიებაში, რომელიც ფორუმის — „ნულოვანი ნარჩენი“ (Zero Waste) ფარგლებში გაიმართა.
ფორუმი თურქეთის პირველი ლედის, ემინე ერდოღანის პატრონაჟით ჩატარდა და ის მისასალმებელი სიტყვით თურქეთის სოფლისა და სატყეო მეურნეობის მინისტრმა, იბრაჰიმ იუმაკლიმ გახსნა.
„დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც კლიმატის ცვლილება უმთავრეს გლობალურ გამოწვევას წარმოადგენს, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ნარჩენების სწორ და ეფექტიან მართვას. ნარჩენების მდგრადი მართვა არის კლიმატის ცვლილების შერბილებისა და გარემოს დაცვის პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი,“ — განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
შეხვედრაზე ძირითადი აქცენტი გაკეთდა მდგრადი და ეფექტიანი სასურსათო სისტემების ჩამოყალიბებაზე. კერძოდ, მხარეებმა იმსჯელეს შემდეგ თემებზე:
სურსათის დანაკარგების შემცირება: მოსავლის აღების შემდგომ ეტაპებზე დანაკარგების მინიმუმამდე დაყვანის პრაქტიკული გზები.
ლოგისტიკა და მიწოდება: მიწოდების ჯაჭვების ეფექტიანობის გაზრდა და თანამედროვე ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარება.
სექტორთაშორისი თანამშრომლობა: საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობის გაძლიერება.
ინოვაციები: ინოვაციური ტექნოლოგიებისა და ინვესტიციების როლი ეკომეგობრული აგროსექტორის შექმნაში.















