14.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

“სულს ნუ დაშრეტთ!” – მეუფე შიოს ქადაგება

საქართველოს საპატრიაქრო  ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგებას ავრცელებს ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულზე.

“დიდ მარხვაში წმინდა ეკლესია მოგვიწოდებდა სინანულისკენ, აღსარებისკენ. მრავალმა ჩვენგანმა შეისმინა ეკლესიის ეს მოწოდება. ბევრი მოვიდა ეკლესიაში, აღსარება თქვა, ეზიარა და შეძლებისდაგვარად სული განიწმინდა, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებმაც არ შეისმინეს ეკლესიის დედობრივი ხმა და არ მოსულან.
რა არის ამის მიზეზი? – ეს შეიძლება იყოს რაღაც მძიმე ცოდვა ან ცოდვები, რომლებიც ადამიანს აწევს სულზე, მაგრამ არ უნდა ამ ცოდვებისგან განშორება, მათთან ბრძოლა. უფრო ხშირად მიზეზი ის არის, რომ ადამიანი თითქოს ცარიელია, სულიერად მკვდარია, აღსარების გარეშე მიტოვებულია და ვეღარ გრძნობს განბანვის და სულიერი განწმენდის აუცილებლობას. ასეთი ადამიანები ზედმიწევნით უვლიან თავიანთ სხეულს, სულზე კი არ ზრუნავენ.
თუ მარხვაში სინანულზე ვფიქრობდით, მარხვის შემდეგ, ამ პერიოდში გვმართებს, ვიფიქროთ და ვიზრუნოთ, რომ აღარ დავუბრუნდეთ იმ ცოდვებს, რომლებიც მოვინანიეთ, აღარ გავიმეოროთ ისინი და ჩვენი სული არ დავტოვოთ სულიერი საზრდოს გარეშე, მზრუნველობის გარეშე, როგორც გვასწავლის წმინდა პავლე მოციქული: „სულს ნუ დაშრეტთ“ (1 თეს. 5, 19).
რას ნიშნავს „დაშრეტთ“? „ნუ დაშრეტთ“ ნიშნავს: „ნუ ჩააქრობთ სულს“. აი, ამაში შეგვეწიოს ჩვენ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მადლი და სიხარული.
როგორც გითხარით, დღეს არის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის დღესასწაული. როგორც გახსოვთ, ის სასწაულებრივად გამოჩნდა ზღვაში, ათონის ივერთა მონასტრის ახლოს. ჩვენმა ქართველმა ღირსმა მამებმა ის გამოაბრძანეს ზღვიდან და დააბრძანეს ტაძარში, მაგრამ მეორე დილას დახვდათ კარიბჭის თავზე, რის გამოც ამ ხატს ეწოდა „კარიბჭის ხატი“. როგორ არის ნათქვამი დაუჯდომელში სიტყვები: „გიხაროდენ, სახიერო მეკარეო, სამოთხისა ბჭეთა მართალთათვის განმღებელო“.
მაშასადამე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი სამოთხის კარებს უღებს მართალ ადამიანებს და სამოთხეში უშვებს. სწორედ ამიტომ მივმართავთ მას ასე: „გვაცხოვნენ ჩვენ, ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო“. მხოლოდ მას მივმართავთ, არცერთ წმინდა ადამიანს ასე არ მივმართავთ და ვმადლობთ მას ამ დიდი წყალობისთვის, რომელიც ჩვენზე მოიღო და ღირს გვყო ჩვენ, ქართველები, მისი წილხვდომილი ერი ვყოფილიყავით.
ამის ერთ-ერთი ნიშანი, რა თქმა უნდა, სწორედ ამ ხატის ქართულ მონასტერში მიბრძანებაა. არ არის შემთხვევითი, რომ აღდგომიდან მესამე დღეს არის ამ დიდებული ხატის ხსენება, როგორც საქრისტიანოს ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდისა. შეიძლება ითქვას, რომ სააღდგომო ხატია, ყველაზე გამორჩეული ხატია ივერიის ღვთისმშობლის ხატი.
ამ ხატის მეშვეობით, იმ სასწაულების მეშვეობით უფალი გვახსენებს, რომ ის არ ტოვებს თავის შექმნილ სამყაროს, ის არ ტოვებს საქართველოს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელიც მუდამ ზრუნავს ჩვენზე და ევედრება ღმერთს ჩვენთვის, შუამდგომლობს მის წინაშე ჩვენთვის. ამ ხატის მოვლინებაც, როგორც გითხარით, ერთ-ერთი დასტურია მისი მფარველობისა და წყალობისა; ამ ხატიდან გვეძლევა შეწევნა, რომ დავამარცხოთ ცოდვები და სული გადავირჩინოთ”,_ განაცხადა მეუფე შიომ ქადაგებისას.
banner
წინა სტატიაში“დიდებული მაგალითი ავტორიტარი პოლიტიკოსებისთვის და მესიჯი საქართველოსთვის” – აუსტრევიჩიუსი უნგრეთის მოვლენებზე
შემდეგი სტატიახიდაშელი: ორბანიზმის დასრულებამ შეიძლება ევროკავშირში თამაშის წესები შეცვალოს