კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის სულხან მოლაშვილის მეგობრები და ოჯახის წევრები 1 ოქტომბერს, 16:00 საათზე კინოთეატრ „ამირანში“ შეიკრიბებიან და სულხან მოლაშვილს გაიხსენებენ, – ამის შესახებ სულხან მოლაშვილის მეგობარმა ლევან გაჩეჩილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ოჯახის წევრებთან ერთად შევიკრიბეთ და გადავწყვიტეთ, რომ 1 ოქტომბერს კინოთეატრ „ამირანში“ გავიხსენებთ სულხან მოლაშვილს და კიდევ ერთხელ გავაპროტესტებთ მის მიმართ გამოყენებულ არაადამიანურ მეთოდებს. „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტი პარტიები იმდენ სიბინძურეს და ალბათ პროვოკაციებს გეგმავენ, ძნელია იყო მოდუნებული. საჭიროა, შევიკრიბოთ პეტიციაზე ხელის მომწერები, ინიციატორები და დავგმოთ ის სისასტიკე, რამაც სულხან მოლაშვილი შეიწირა”, – განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.
სულხან მოლაშვილის ოჯახმა დღეს განცხადებაც გაავრცელა, სადაც აქციის მნიშვნელობაზეა საუბარი.
“ძალადობა, რომელიც ხდებოდა სააკაშვილის რეჟიმის დროს, არ უნდა იყოს დავიწყებული. ამიტომ გვსურს, საზოგადოებას შევახსენოთ ის სისასტიკე, რითიც იმართებოდა ჩვენი ქვეყანა, რომელიც საზოგადოების დიდმა ნაწილმა საკუთარ თავზე გამოსცადა”, – ნათქვამია სულხან მოლაშვილის ოჯახის განცხადებაში.