სულიერ ფასეულობათა ერთგული

 

14686216_1256808551009161_1991542000_nდღენი წელიწადთა ჩვენთანი მათ თანა – 70 წელ, ხოლო უკუეთუ ძლიერებასა შინა – 80 წელ, და უმრავლესი მათი შრომაი და სალმობაი“ (ფსალმუნი 89, 10).

ლაურა გრიგოლაშვილი ძველი ქართული მწერლობის, ქართული ჰიმნოგრაფიის, სასულიერო პოეზიის, ლოგოსისა და მელოსის  მკვლევარია, თაობების აღმზრდელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში, ქართულ უნივერსიტეტში… სრულიად გამორჩეული ფიგურა ქართულ მეცნიერებაში, უპირველესად, თავისი მონასტრული სიმშვიდითა და თავმდაბლობით, კეთილშობილებითა და კეთილგონიერებით. გაიზარდა უსულო და უღმერთო ცივილიზაციის დომინირების ფაზაში, აგრესიული ათეიზმის პირობებში, თუმცა ჩამოყალიბდა, როგორც უზენაესისა და აბსოლუტური ჭეშმარიტების მაძიებელი. ტოტალიტარული სახელმწიფო კრძალავდა სულიერობაზე ფიქრსაც კი, მაგრამ ლაურა გრიგოლაშვილმა მაინც შეძლო მარადიულ ღირებულებათა და ფასეულობათა არა მხოლოდ ერთგულება, არამედ მსახურება.

ქალბატონი ლაურას თაობის გამოსვლა სამეცნიერო-აკადემიურ ასპარეზზე გარღვევად შეფასდება ქართულ ფილოლოგიაში. მეცნიერული კვლევის გზა, რომელიც მან აირჩია, არაპოპულარული იყო, თუმცა მისთვის ჰიმნოგრაფია, როგორც  სულში ჩაღვრილი სათნოება, აზროვნების წესი და ფორმა გახდა. მეცნიერი და პედაგოგი უღვთო დროში თავისი  სადისერტაციო ნაშრომით ამკვიდრებდა დავით აღმაშენებლის „გალობანი სინანულისანის” ესთეტიკას, წერდა ქრისტოლოგიის ძირითად პრობლემებზე: ცოდვით დაცემაზე, სინანულზე, ეთიკურ პრინციპებზე, ესქატოლოგიაზე, ღვთისმშობლის კულტსა თუ სულის ხსნაზე… ეს ყოველივე, დროის კონტექსტის გათვალისწინებით, სრული პარადოქსია, მაგრამ ლაურა გრიგოლაშვილის მეცნიერული კვლევის სფერო, ფაქტობრივად, დინების საწინააღმდეგოდ სვლა იყო. ამ ტიპის თემებზე წერა ერთგვარ მინიშნებად გაისმოდა იმ საფრთხის შესახებ, რომელშიც ჩვენი ცნობიერება იმყოფებოდა. დავით აღმაშენებლის სულიერ მემკვიდრეობასთან შეხება, მისი სახელის ამოტივტივება უსამშობლო კოსმოპოლიტების თარეშის პირობებში გმირობის ტოლფასი იყო. თუ მანამდე ლიტერატურათმცოდნეობითი დისკურსი ვერ ახერხებდა ამ ტიპის ძიებებს, ლაურა გრიგოლაშვილმა, ფაქტობრივად, ჰიმნოგრაფიაში შექმნა კვლევის ახალი მეთოდოლოგია, დაფუძნებული რელიგიურ-მისტიკურსა და მხატვრულ-ესთეტიკურზე. ამის კვალობაზე მან სასულიერო პოეზია გაგვიცხადა, როგორც ნორმებისა და ტრადიციების მთლიანობა, როგორც კოდირებული ინფორმაციის გადმომცემი სისტემა. ასე მოიტანა ჩვენამდე  მეცნიერმა  ღვთისმეტყველება, როგორც ლიტერატურაში გაცხადებული რეალობა. „გალობანი სინანულისანი” მისთვის, მართლაც, „ერთგვარ გზამკვლევადაც იქცა მედიევალური (შუა საუკუნეების) კულტურის რთულსა და ამაღლებულ სამყაროში“. ეს არის რწმენისა და მეცნიერების დიალოგის, როგორც  თანაარსებობის, შემთხვევა, რათა არ განიდევნოს სამყაროდან საზრისი.  რწმენა დაეხმარა პროფესიის დაუფლებაშიც. ლ. გრიგოლაშვილი სწორედ ამ გზით ჩასწვდა პოეზიისა და მუსიკის არსს. რაც მთავარია,  რწმენამ განსაზღვრა მისთვის ფასეულობათა იერარქია – ჩვენს უღიმღამო ყოფითობაში ამაზე მეტი რა უნდა ინატროს ადამიანმა!

სწავლის ის სისტმა, რომელიც თავად გაიარა, არ აკმაყოფილებდა, რაღაც წნეხის ქვეშ ვგრძნობდი თავსო, – გაიხსენა, – მაგრამ იყო დიდი მოლოდინიც: „ცის გახსნას ველოდებოდი და ეს მოხდა. შევხვდი ადამიანებს, რომლებთან ურთიერთობამაც შინაგანად გამხსნა. ჩემთვის უცნაურად გაცხადდა ძველთაძველი ჭეშმარიტება: სამყაროს შემოქმედია ღმერთი, ქრისტე-მაცხოვრის სისხლი იმიტომ დაეპკურა დედამიწას, რომ ჩვენ აგვხელოდა თვალი, ჩვენ აღგვედგინა დაცემული ხატი, ჩვენ გვყვარებოდა ერთმანეთი ისე, ვითარცა მან შეგვიყვარა ჩვენ“. ალბათ, ეს ფაქტორიც განაპირობებდა იმას, რომ ლაურა გრიგოლაშვილმა, როგორც მკვლევარმა, მეცნიერული ანალიზის პროცესში შეძლო სიტყვაში იდეის,  ეპოქისა და ჰიმნოგრაფთა სულის გაცოცხლება. მისი ლექციები ლოცვას ჰგავდა, მავედრებლის ხელით ზეცისკენ მიმართულს. ამიტომ გვეფინებოდა უჩვეულო მადლი, ამიტომაც გვეცვლებოდა აღქმისა (რეცეფციის) და მოქმედების ჩვეული (ინერციული) ფორმები.

ძალიან ძნელია ქალბატონ ლაურაზე საუბარი, რადგან ჩვენს სიტყვებს ვერ ექნება თვითკმარი ღირებულება საიმისოდ, რომ გამოხატოს მისი პიროვნების მასშტაბი. ვერავინ გაიხსენებს ლ. გრიგოლაშვილისგან არაკორექტულობის, უხეშობის გამოკრთომასაც კი. მას შეუძლია უაღრესად დაძაბულ, თუნდაც კონფლიქტურ სიტუაციაში შეინარჩუნოს სიმშვიდე, ღირსება, არ უღალატოს საკუთარ ზნეობრივ კონსტიტუციას.

გამორჩეული პიროვნული თვისება, რომელიც მას ამკობს, თანადგომის გასაოცარი უნარია. ღვაწლმოსილ მეცნიერს სიკეთე უნათებს ცხოვრებას. მახსოვს, როგორი მონდომებით თანაუგრძნობდა და ეხმარებოდა ყველას (კათედრის გამგე  ზოგჯერ ხუმრობით ეტყოდა: „ყველას მამიდა როგორ ხარო“). მას შეეძლო ყურადღებით ბოლომდე მოესმინა შენთვის, მოესმინა შენი ძალიან მოსაწყენი და არაფრისმთქმელი „აღმოჩენები“ ფილოლოგიაში, მაგრამ აუცილებლად იპოვიდა ხელჩასაჭიდ ერთ სიტყვას მაინც და წაგახალისებდა, რათა ახალი  აზრის განვითარებისთვის მიეცა ბიძგი. საბოლოოდ კი მისი, როგორც პედაგოგის, მთავარი ამოცანა მაინც კარგი მკითხველის აღზრდა, სტუდენტთა ესთეტიკური ემოციის ფორმირება იყო. უმძიმეს წლებში (ჩემი სტუდენტობის ჟამს, მეოცე საუკუნის მიწურულს – სამოქალაქო ომის, შიმშილის, სიცივისა და დაუძეველი სიძულვილის გარემოში) ქალბატონი ლაურა გვივსებდა დაკარგული რომანტიკისა და სიყვარულის სივრცეს!

გარდა ამისა, მასთან ურთიერთობა იმის ცოცხალი მაგალითიცაა, თუ, ცოდნასთან ერთად, როგორ ჰაერივით გვჭირდება ზნეობრივი ორიენტირები, მით უფრო ახლა, მენტალობის საყოველთაო ცვალებადობის პერიოდში, ღირებულებათა ტოტალური კრიზისისას. დღეს, როცა ასე მწვავედ საგრძნობია მიზანმიმართული ეროვნული ნიჰილიზმი, ლაურა გრიგოლაშვილის საფიქრალი „ჩვეულებისაებრ მამულისა სლვაა”, რადგან ჩვენი ერის საუკეთესო ტრადიციების ერთგულება და ამ გზით სიარული ადამიანს დაამშვენებს, განამტკიცებს და სიკეთისკენ წაიყვანსო.

არავის უნახავს სოციალურად აქტიური ლაურა გრიგოლაშვილი. თითქოს შეგნებულად, საგანგებოდ მალავს საკუთარ პერსონას. ჩვენს ფსევდოგმირებით გაყალბებულ მედიასივრცეში ასეთი ადამიანის ადგილი, ალბათ, კარგა ხანს არ მოიძებნება. მას არ უყვარს  საჯარო გამოსვლები. დღემდე ვემუდარები ჰიმნოგრაფიაში თავისი სალექციო კურსის დაბეჭდვას და ყოველთვის თავაზიან უარს ვიღებ… ამას გარდა, მისი უაღრესად საინტერესო წერილები საეკლესიო მწერლობის სხვადასხვა ძეგლზე, ამირანდარეჯანიანზე, დავით გურამიშვილზე, ქართველ რომანტიკოსთა ესთეტიკურ იდეალებსა თუ ვაჟა-ფშაველაზე (და კიდევ რამდენ პრობლემურ საკითხზე ქართული ლიტერატურის ისტორიიდან) ერთ წიგნად თავმოყრილი და გამოქვეყნებული არაა.

ლაურა გრიგოლაშვილის, როგორც მეცნიერისა და პედაგოგის, ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპი იყო ჩვენი ქვეყნისთვის უაღრესად დაძაბულ წლებში, მანანა გიგინეიშვილთან და ვახტანგ როდონაიასთან ერთად, ახალი სასკოლო სახელმძღვანელოს შექმნა. 1999 წელს დაიბეჭდა ძველი ქართული ლიტერატურის ქრესტომათია (IX კლასი), რომელშიც შესულია ქართული მწერლობის შედევრები. მნიშვნელოვანი და ყურადსაღებია ის, რომ ტექსტებს დართული აქვს  მაღალი აკადემიზმით გამორჩეული ლექსიკური, გრამატიკული, ისტორიულ-გეოგრაფიული, საღვთისმეტყველო-ფილოსოფიური და სახისმეტყველებითი ხასიათის ვრცელი კომენტარები, რომლებიც დღემდე დახმარებას უწევს არა მხოლოდ მოსწავლეებს, არამედ მათს მასწავლებლებსა და სამეცნიერო წრეებსაც კი.

14689704_1256808547675828_1011603193_o

საქმით მეტყველი ადამიანის ფსიქოლოგიისთვის დამახასიათებელია უხმაურო ცხოვრების სახეობა. ქალბატონმა ლაურამ, ნებსით თუ უნებლიეთ, ასეთი გზა აირჩია. არ იყო ადვილი უნივერსიტეტის დოცენტი სასულიერო სემინარიის ლექტორიც ყოფილიყო… მაგრამ, მიუხედავად არც თუ იშვიათი ბიუროკრატიული უსიამოვნებისა, ბოლომდე უერთგულა ქართულ ეკლესიას, თავის პროფესიას, მოწოდებას! არასოდეს მოუთხოვია ჯილდო, თანამდებობა, დიდება და პატივი, არც იუბილეს გადახდა ისურვა (ეს ნამდვილად არის „მაღალთა თავმდაბლობა“)…

როცა უნივერსიტეტის ასპირანტურაში ვაბარებდი, ქალბატონ ლაურას ვთხოვე სამეცნიერო ხელმძღვანელობა. მაშინ სხვა წესები იყო და ეს პროცედურა საგანგებო ნებართვას საჭიროებდა. ამის გამო თავი შეიკავა (დარწმუნებული ვარ, ეს რომ მომხდარიყო, ჩემი სამეცნიერო გზაც და პირადი ცხოვრებაც სხვაგვარად წარიმართებოდა). მეორე წელს ყველაფერი გამარტივდა და სხვა გახდა მისი პირველი ასპირანტი, მაგრამ მთელი ცხოვრება ჩემს მოძღვრად მივიჩნევ. ბედნიერი ვარ, რომ ის ჩემი წიგნების რეცენზენტი და რედაქტორია. ისიც ვიცი, როცა სულიერი კრიზისი კარს მომიკაკუნებს, როცა განსაცდელის ჟამი დამიდგება, როცა სიტყვისა და აზრის დეფიციტი გამიჩნდება, მას უნდა მივმართო.

გენით რაჭველი ვარ და მეპატიება დაგვიანებით იუბილეს მილოცვა! წელთა მატება მრავალთათვის უსიამოვნო ფაქტია, თუმცა დანამდვილებით ვიცი, რომ საინტერესოდ განვლილი ცხოვრების გზა, როცა ის სხვის მაგალითადაცაა ქცეული, საოცნებოა ყველასთვის!

გილოცავთ ბიბლიურ ასაკს, ქალბატონო ლაურა!!! თქვენ სჭირდებით თქვენს საფიცარ სამშობლოს. არსებობის თქვენებური სტილი – დამოკიდებულება მოყვასის, პროფესიის მიმართ ხილული სასწაულია ამქვეყნად ადამიანის ცხოვრებისა. დღესაც გვახსენებთ, რომ ადამიანები ვართ და ადამიანებად უნდა დავრჩეთ! დღესაც გაფრთხილებად გაისმის თქვენი სიტყვები: „არ მოვწყდეთ ქართული სულიერი კულტურის ფესვებს“!

ლაურა გრიგოლაშვილი ჩემთვის, უპირველესად, საუნჯეა სათნოებისა, რომელსაც ამკობს უბრალოების ეფექტია, უბრალოება კი მშვენიერების საფუძველია და ამიტომაც მიმაჩნია მისი ცხოვრება სიცოცხლის მშვენიერ სახეობად!

 

საბა მეტრეველი

 

 

 

banner
წინა სტატიაშისაზოგადოების წარმომადგენლები პრეზიდენტსა და პარტიებს მიმართავენ, რომ მეორე ტურში მხარი დაუჭირონ ოპოზიციას
შემდეგი სტატიათბილისში დევნილებისათვის უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევები ტარდება