,, სულ უფრო მცირდება „ნაცმოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ბრძოლის მეთოდებს შორის სხვაობა – ბარემ გაერთიანდნენ”

სულ უფრო მცირდება სხვაობა „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ბრძოლის მეთოდებს შორის, – ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე ლევან ბოძაშვილი „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საბანკო ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით აცხადებს.

როგორც ბოძაშვილი განმარტავს, უკვე კარგად ჩანს, რომ ის მეთოდები, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ იყენებდა პოტენციური პოლიტოპონენტების წინააღმდეგ, ამ ხელისუფლების პირობებშიც მეორდება.

„გარდა იმისა, რომ გაურკვეველია ყადაღის დადების იურიდიული მიზანი, გარდა სადამსჯელოსი, რადგან დაზარებული არ არსებობს, ასევე მარტივია მსგავსების დანახვა 2007, 2012 წლების ყადაღებისა ბადრი პატარკაციშვილისა და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სრულიად უსამართლოდ, ახლა უკვე ხაზარაძის წინააღმდეგ მიღებული ზომებისა. ამასთან, ისმის კითხვა, რატომ არ მოხდა ყადაღის მოთხოვნა ბრალის წარდგენის პერიოდში, შემდეგ რა არის ამ ყადაღის რეალური მიზანი და ბოლოს, ნუთუ ასე ეშინია „ქართულ ოცნებას“ ხაზარაძის პოლიტიკური აქტივობისა, რომ იმ, პრაქტიკულად, ერთადერთ დარჩენილ განსხვავებასაც სპობს, რაც „ქართულ ოცნებას“ „ნაციონალური მოძრაობისგან“ გამოარჩევდა? ბარემ გაერთიანდეს ეს ორი პარტია და ისე იმოქმედონ. როცა სასამართლოშიც და პროკურატურაშიც კვლავ ის ძველი ხალხია, ბუნებრივია, მეთოდებიც იგივე იქნება. აქ სამწუხაროდ, მსგავსება ისაა, რომ ამ მეთოდების დღეს გამოყენებას ლეგიტიმაცია და თანხმობა, თუ მითითება არა, ამჟამინდელი ხელისუფლებისგან ეძლევა. ეს არის წამგებიანი თავად ხელისუფლებისთვის და გამოვა, რომ მომავალი არჩევნები მართლაც იქნება “განპატიჟება ავაზაკთა ქვაბისა”, – აცხადებს ბოძაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ინფორმაცია საბანკო ანგარიშების დაყადაღების შესახებ მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა. როგორც ხაზარაძე წერს, მისი და ბადრი ჯაფარიძის ყველა საბანკო ანგარიში დაყადაღდა, რაც იმას ემსახურება, რომ მოხდეს მათ მიერ დაანონსებული საზოგადოებრივი მოძრაობის და ყველა მიმდინარე დასაფინანსებელი საქველმოქმედო და ბიზნეს პროექტის, მათ შორის ანაკლიის პორტის საბოლოოდ გაჩერება. „ ვერ შეგვაშინებთ! ბრძოლას ვაგრძელებთ!“, – წერს მამუკა ხაზარაძე.

როგორც პროკურატურაში აღნიშნულთან დაკავშირებით განაცხადეს, სასამართლოს მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საბანკო ანგარიშებზე დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულადი თანხის, 16 664 000 ამერიკული დოლარის ეკვივალენტის ქონების დაყადაღების შუამდგომლობით მიმართეს.

banner
წინა სტატიაშივორონცოვზე 40 წლამდე მამაკაცი დაჭრეს
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილმა კამპანიის Spend Your Summer in Georgia საინიციატივო ჯგუფის წევრები ვილნიუსში და პარიზში დაგეგმილ ვიზიტებზე მიიწვია