შენ, ვინც ახლა, ამ სტატიას კითხულობ, ალბათ ფიქრობ, რომ საკითხი, რომელიც მინდა განვიხილო – შენ არ გეხება. ცდები! ნებისმიერი მოვლენა, რაც შენს, ჩემს, ჩვენს ქვეყანაში ვითარდება, ჩვენ ყველას გვეხება, თითოეულ მოქალაქეს! ნებისმიერი სახის სისტემური რეფორმა, იქნება ეს საგანმანათლებლო, საკანონმდებლო, თუ სხვა – ჩვენ გვეხება: შენ, მე და ჩვენს თანამემამულეებს!
ბოლო დღეების განმავლობაში მოქალაქეები, ჩვენს ქვეყანაში, თუ მის ფარგლებს გარეთ, რამდენიმე რეზონანსული საკითხის გარშემო ვართ შემოკრებილი. ალბათ, ყველა შეამჩნევდით, რომ ერთ-ერთი ასეთი საკითხი საგანმანათლებლო რეფორმაა, რომელიც 2026 წლიდან ამოქმედდება და ამ საგანმანათლებლო რეფორმის ერთ-ერთი მიმართულებაა საჯარო სკოლებში ფორმის შემოღება, რომელიც პირველიდან მეექვსე კლასის მოსწავლეებისთვის, სასკოლო ფორმის ტარების აუცილებლობას მოიცავს. ერთი შეხედვით და პირველადი შეფასებით, აღნიშნული ინიციატივა, დისციპლინასთან და წესრიგთან ასოცირდება, ხოლო, თუ სიღრმეებში შევალთ და საკითხის ანალიზს მოვინდომებთ, აუცილებლად შევეჯახებით უდიდეს დაბრკოლებას, ბარიერს, რომელიც ჩვენი ქვეყნის ოჯახების 60-70%-ს შეაფერხებს.
მას შემდეგ, რაც გაჟღერდა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის გადაწყვეტილება ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, საზოგადოებაში ძირითადი კითხვა იყო ის, თუ ვის მოუწევდა ფორმების შეძენა, რაზეც ბატონმა მიქანაძემ განაცხადა, რომ „კი, მშობელმა უნდა შეუკეროს ფორმა, ისევე, როგორც მშობელი ყიდულობს ტანსაცმელს ბავშვისთვის და დარწმუნებული ვარ, ბევრად უფრო მეტს ყიდულობს წლის განმავლობაში, ვიდრე, ფორმის კომპონენტში დასჭირდება“
ალბათ, ნებისმიერ საღად მოაზროვნე ადამიანს გაუჩნდება კითხვა: როგორ უნდა შეიკეროს/შეიძინოს ფორმა ოჯახმა, სადაც შვიდი მოსწავლეა და ხშირ შემთხვევაში, ასეთ, მრავალშვილიან ოჯახებს მინიმალური საარსებო წყაროც კი არ აქვთ?! ეს კითხვა, სამწუხაროდ, ძალიან ბევრ ქართულ ოჯახში დგას ყოველდღიურად. სკოლა იწყება, ბავშვებს სჭირდებათ ფორმა, ფეხსაცმელი, საკანცელარიო ნივთები, ჩანთა… მაგრამ ზოგი ოჯახი დგას არჩევანის წინაშე — შეიძინოს საკვები, თუ გაწიროს შვილი უსწავლელობისთვის და მოწყვიტოს თანატოლებს?!
ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობენ შეზღუდულ შემოსავალზე, უჭირთ ჰქონდეთ სურვილი, რომ შვილები განათლებულები ჰყავდეთ — უჭირთ შესაძლებლობა. სოციალურად დაუცველი ხომ რამდენი ოჯახია და მათი ყოველთვიური დახმარებაც, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ხელისუფლებამ – ეს ცალკე საკითხი და მსჯელობის საგანია!
საკითხს დავუბრუნდეთ: შვიდი მოსწავლე ოჯახში, ნიშნავს, შვიდჯერ უფრო დიდ ხარჯს, შვიდჯერ უფრო დიდ სტრესს, მაგრამ ამავე დროს, შვიდჯერ უფრო დიდ იმედსაც — რომ სწავლა მათ უკეთეს მომავალს მისცემს. რატომ გადაწყვიტა მიქანაძის უწყებამ, რომ ეს იმედი მოუკლას ერის, ამ, საკმაოდ, მნიშვნელოვან ნაწილს – ვერ გეტყვით. მხოლოდ, ის, ძველი და გაცვეთილი ფრაზა შემიძლია გავიხსენო, მიხეილ ჯაყელმა, რომ თქვა თავის დროზე: “ვაი, ბედკრულო საქართველო, საით მიექანები!”
ისევე, როგორც საღად მოაზროვნე მოქალაქეების უმრავლესობას, მეც მიმაჩნია, რომ სკოლა უნდა იყოს ადგილი, სადაც ბავშვები სწავლაზე ფიქრობენ და არა იმაზე, აქვს, თუ არა ოჯახს ფინანსები მათთვის ფორმის შესაკერად/შესაძენად?! რეფორმა არ უნდა გახდეს ბარიერი განათლებისთვის. მათ, შორის, არც ფორმა!
ეს საკითხი აღარ არის მხოლოდ ერთი ოჯახის პრობლემა — ეს ერის და საზოგადოების უმრავლესობის პრობლემაა. დროა კითხვა დავუსვათ საკუთარ თავსაც და სისტემასაც:
რა შეიძლება გაკეთდეს, რომ ბავშვები ფინანსური სიდუხჭირის გამო არ აღმოჩნდნენ ჩრდილში?! სახელმწიფომ, სკოლებმა, საზოგადოებამ ერთად უნდა იპოვოს გზა, რომ არც ერთი ბავშვი არ დარჩეს “უკან” მხოლოდ იმიტომ, რომ ოჯახს არ შეუძლია გადააგდოს რამდენიმე ასეული ლარი ფორმისთვის!
დაბოლოს, თქვენი არ ვიცი, მაგრამ მიჩნდება შეგრძნება, რომ თუ “პროცესს” შენ, მე და ჩვენ ყველა, ერთობლივი ძალებით არ შევაჩერებთ, სულ მალე, წითელი ყელსახვევების ტარებასაც მოგვთხოვენ და არ გამორიცხოთ, რომ ამასაც “რეფორმის მანტიაში” შეფუთულს მოგვართმევენ!
ავტორი: ბერდია კალანდია
















