,, სუბელიანს გაკეთებული აქვს ჩანაწერები, რომელიც საზღვარგარეთ გაიტანა და საჭიროების შემთხვევაში, ხელისუფლების დასაშანტაჟებლად გამოიყენებს”

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის ადვოკატის გიორგი ჩივიაშვილის განცხადებით, მირზა სუბელიანსა და დათო ცუხიშვილს მათ მიერ შესრულებულ საქმეებთან დაკავშირებით გაკეთებული აქვთ ჩანაწერები, რომლებიც საზღვარგარეთ გაიტანეს და საჭიროების შემთხვევაში ხელისუფლების დასაშანტაჟებლად გამოიყენებენ. ამის შესახებ გიორგი ჩივიაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ გუშინ გამოქვეყნებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განაცხადა.

გიორგი ჩივიაშვილმა ხელისუფლებას ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

„რაც შეეხება ივანე მერაბიშვილის ხსენებას მირზა სუბელიანის მიერ, ეს ერთხელ კიდევ ადასტურებს, რომ ივანე მერაბიშვილი გაიყვანეს 2013 წლის 14 დეკემბერს ციხიდან. ის მოიტაცეს და მაშინდელ მთავარ პროკურორთან ოთარ ფარცხალაძესთან მიიყვანეს, რომელიც მას სთხოვდა ინფორმაციას საქართველოს მესამე პრეზიდენტის შესახებ. აღნიშნული ფაქტი დაადასტურა სტრასბურგის სასამართლომ, როდესაც მე-18 მუხლის დარღვევა დაადგინა და პრაქტიკულად, ხელისუფლებას უთხრა, რომ მას ჰყავს ივანე მერაბიშვილის სახით პოლიტიკური პატიმარი. მე ნაკლებად მგონია, მაგრამ თუ კიდევ ცოტა მაინც შერჩა გონიერება დღევანდელ ხელისუფლებას, რაც შეიძლება, სწრაფად უნდა აღასრულოს სტრასბურგის მე-18 მუხლის დარღვევა, სასწრაფოდ უნდა გაანთავისუფლოს ივანე მერაბიშვილი, იმიტომ, რომ ეს ერთხელ უკვე სუბელიანის პირით მოვისმინეთ, რომ ის მონაწილეობდა „ვანოს საქმის“დალაგებაში. მაშინ მირზა სუბელიანი იყო სასჯელაღსრულების სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი, ეს მისმა ბიჭებმა შეასრულეს.

ამასთან, გიორგი ჩივიაშვილის თქმით, „რუსთავი 2“-ის მიერ გამოქვეყნებული ჩანაწერების ერთ-ერთი ფიგურანტი ცუხიშვილი ჩანაწერში საუბრისას, ჩვენების სადღაც გადაგზავნაში გულისხმობს ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის საქმესთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლოში შესაგებლის გადაგზავნას.

„ყველა გაფრთხილებული იყო, ვის რა ჩვენება უნდა მიეცა, როგორ დაემალათ ის ფაქტი, რომ ვითომდა ივანე მერაბიშვილი არ გაიყვანეს. ეს ჩვენ მოვისმინეთ მირზა სუბელიანის პირით, რომ ის არის შემსრულებელი, რომ მისი ბიჭები არიან შემსრულებლები და ბუნებრივია, მას ამასთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა წაეყენოს ბრალი და დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა. როგორც მირზა სუბელიანს, ისე ცუხიშვილის წინააღმდეგ. ეს ადამიანები საუბრობენ იმაზე, რომ მათ იცოდნენ, ისინი მონაწილეობდნენ, ისინი იტყუებოდნენ, ისინი ფარავდნენ და არათუ ამას აკეთებდნენ, ყველაფრის ჩანაწერი აქვთ, ყველაფერი საზღვარგარეთ აქვთ გატანილი და საჭიროების შემთხვევაში, მას გამოიყენებენ ხელისუფლების დასაშანტაჟებლად“, – განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა.

ცნობისთვის, „რუსთავი 2“-მა გუშინ სავარაუდოდ, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული მირზა სუბელიანის, დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის და დევნილთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის აუდიო ჩანაწერი გაავრცელა. ტელეკომანიის ინფორმაციით, ჩანაწერი გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გაკეთებული და მასთან ერთად საკანში „ქართული ოცნების“ დეპუტატი მესტიიდან, ვიქტორ ჯაფარიძე და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი დათო ცუხიშვილი იმყოფება.

ჩანაწერების მიხედვით, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი საუბრობს, რომ ის საკუთარი ნებით ჩაჯდა ციხეში და გაურიგდა ხელისუფლებას, მაგრამ სუბელიანი უკმაყოფილებას გამოთქვამს მმართველი გუნდის დამოკიდებულებით და ამბობს, რომ ხელისუფლება ჯეროვნად ვერ აფასებს მის ერთგულებას.

ჩანაწერებში ასევე ნახსენებია ვანო მერაბიშვილის საქმე და ხაზგასმულია, რომ ეს ყველაფერი ჩაწერილი და დაარქივებულია.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურის ინფორმაციით, “რუსთავი2”-ის მიერ გასაჯაროებული აუდიო ჩანაწერის გარდა, არსებობს საკანში ჩაწერილი სხვა საუბრებიც
შემდეგი სტატიაპროკურატურა – გამოძიების საგანია, ვინ იწერდა მირზა სუბელიანთან შეხვედრებს, ვინ მოიპოვა და ვის ინტერესებში შედიოდა მისი გავრცელება