სუბელიანის შვილის ორგანიზებულ საქმეს შეეწირა ჩემი შვილი და დადუნაშვილი, ხოლო მირზა სუბელიანმა პირდაპირ გაწირა მისი შვილი – სარალიძე

მოკლული დათო სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე სკანდალურ აუდიოჩანაწერს ეხმაურება, სადაც მირზა სუბელიანი ხორავას ქუჩის საქმის „დალაგებაზე“ საუბრობს.

აუდიოჩანაწერში მირზა სუბელიანი ხორავას ქუჩის საქმის გამოძიების პროცესში დაშვებულ შეცდომებზე საუბრობს.

ზაზა სარალიძე ამბობს, რომ ამ ჩანაწერიდან დამტკიცდა ის, რაზეც თავად ამ 10 თვის განმავლობაში საუბრობდა, რომ სუბელიანს ხელისუფლების წინააღმდეგ კომპრომატები ჰქონდა.

„ალაპარაკდა მთელი ხელისუფლება და ომბუდსმენიც კი, რომ მირზა სუბელიანის უფლებები დაირღვა თითქოს, თურმე და ამ 10 თვის განმავლობაში ჩემი უფლებები რომ ირღვევა, მალხაზ მაჩალიკაშვილის უფლებები რომ ირღვევა, ჩვენი მიცვალებული შვილების უფლებები რომ ირღვევა, ამაზე კაციშვილი არაფერს არ ამბობს და ვერც იტყვიან, უფრო სწორად,“ – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

სარალიძე ამბობს, რომ ეს აუდიოჩანაწერი არის მისი განცხადებების დამამტკიცებელი. მისი თქმით, ძალიან ბევრი ფაქტია კიდევ გამოსაკვლევი.

„მირზა სუბელიანის შვილის ორგანიზებული იყო ჩემი შვილის მკვლელობა, ასე რომ ვთქვათ. მისი შვილის ამ ორგანიზატორობას და ორგანიზებულ საქმეს შეეწირა ჩემი შვილი და ლევან დადუნაშვილი, ხოლო მირზა სუბელიანმა პირდაპირ გაწირა მისი შვილი,“ – ამბობს სარალიძე.

სარალიძე ამბობს, რომ ჩანაწერში სუბელიანი ამბობს, რომ “სახელმწიფოსთვის” გაწირა თავი. სარალიძის თქმით, სახელმწიფოსთვის კი არა “ქართული ოცნებისთვის” გაწირა თავი და ჩაჯდა ციხეში.

აუდიოჩანაწერიდან, რომელიც გუშინ P.S.-ში გავიდა, ირკვევა, რომ მირზა სუბელიანი ციხეში საკუთარი ნებით ჩაჯდა, თუმცა, ახლა უკმაყოფილოა ხელისუფლების უყურადღებობის გამო.

ის ასევე, ამბობს, რომ წინასწარ არის შეთანხმებული ხელისუფლებასთან, როდის უნდა დადგეს მისი განაჩენი და რამდენი ხნით უნდა იჯდეს ციხეში – ერთი წელი პატიმრობა და ერთი წელი პირობითი მსჯავრი.

მირზა სუბელიანი ასევე ყვება, როგორ იქნა დაშვებული მძიმე შეცდომები გამოძიების პროცესში და როგორ სთხოვეს თვითონ ხელისულფების წარმომადგენლებმა მას დახმარება და ბოლოს ისიც უთხრეს, რომ “სახელმწიფოს გადასარჩენად“ ციხეში უნდა ჩამჯდარიყო. თავად სუბელიანიც საუბრის დროს მუდმივად ხაზს უსვამს, რომ ყველაფერს “სახელმწიფოსთვის” აკეთებს.

საუბრისას არაერთხელ ახსენებენ კიდევ ერთ პიროვნებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ლევან კაკავას. ჩანაწერიდან ჩანს, რომ სწორედ კაკავას დაავალა გიორგი გახარიამ სუბელიანის საქმის ფინანსური მხარის მოგვარება.

 

https://youtu.be/X7pjfjHibCk

banner
წინა სტატიაშიმეი თვლის, რომ ბრექსიტთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწევადია
შემდეგი სტატიატრამპი საუდის მეფეს ელაპარაკა და პომპეოს ერ-რიადში აგზავნის