სუბელიანის საუბარი დანაშაულის ნიშნებს არა მარტო შეიცავდა, არამედ მკვეთრად გამოხატული იყო

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გასულ ფარულ აუდიო ჩანაწერებს, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გაკეთებული და რომელშიც სავარაუდოდ პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, მირზა სუბელიანი საუბრობს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის ოჯახის ადვოკატი ეხმაურება.

ნესტან ლონდარიძის განცხადებით, მოკლული მოზარდის ოჯახი დიდი ხანია ინფორმირებულია, რომ მირზა სუბელიანი ფლობდა ბევრ ისეთ ინფორმაციას, რომლის ხელისუფლების წინააღმდეგ გამოყენებაც შეეძლო.

უფლებადამცველის თქმით, მირზა სუბელიანი ფლობდა ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის კადრებსაც.

ადვოკატი ნესტან ლონდარიძე ამბობს, რომ სწორედ იმის გამო, რომ მირზა სუბელიანი გარკვეულ ინფორმაციების ფლობდა, ხორავას ქუჩის მკვლელობის გამოძიება თავიდანვე არასწორად წარიმართა და მირზა სუბელიანი მონაწილეობა საქმეში ხელისუფლების მხრიდან გამოვლენილი არ იყო.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ მას ჰქონდა საგამოძიებო ორგანოებზე ძლიერი ზეგავლენის საშუალება, სწორედ ამაზე ვსაუბრობდით, ვანო მერაბიშვილის გაყვანის კადრებთან დაკავშირებით, თუმცა იმასაც ვამბობდით, რომ ეს არ იყო ერთადერთი საფუძველი, რის გამოც მას ჰქონდა ასეთი ძლიერი ბერკეტი და მექანიზმი გამოძიებაზე. მას ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია და ამაზე ვსაუბრობდით ჩვენ. და ზუსტად ჩვენი ინფორმაცია დადასტურდა და მე მაინტერესებს, რა იქნება შემდგომი პასუხი სახელმწიფოსი. როდესაც გუშინვე გავრცელდა პროკურატურის წერილობითი განცხადება, რომელიც ამბობდა, რომ გამოძიება დაიწყო ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა იქ იყო გამოკვეთილი რამდენი საკითხი. ეს არის, თუ როგორ მოხვდნენ ეს პირები სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ისინი არაუფლებამოსილი პირები იყვნენ, მაგრამ არაფერი არ იყო საუბარი იმასთან დაკავშირებით, თუ რა შინაარსის შემცველი იყო მირზა სუბელიანის საუბარი, რომელიც დანაშაულის ნიშნებს არა მარტო შეიცავდა, არამედ მკვეთრად გამოხატული იყო,“ – განაცხადა ნესტან ლონდარიძემ.

“რუსთავი2”-ის მიერ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერის ერთ-ერთ ეპიზოდში პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი, ხორავას ქუჩის საქმეზე საუბრობს.

სკანდალური ჩანაწერები გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გაკეთებული. ჩანაწერების მიხედვით, სუბელიანთან საკანში იმყოფებიან „ქართული ოცნების“ დეპუტატი მესტიიდან, ვიქტორ ჯაფარიძე და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი და მირზა სუბელიანის მარჯვენა ხელი, დათო ცუხიშვილი.

საუბარი თითქმის, საათნახევარი გრძელდება, საიდანაც ირკვევა, რომ მირზა სუბელიანი, ფაქტობრივად, საკუთარი ნებით ჩაჯდა ციხეში – ის გაურიგდა ხელისუფლებას.

ჩანაწერებში სუბელიანი ამბობს, რომ ხორავას ინციდენტის შემდეგ არასრულწლოვანები ძალოვანებმა გაიტაცეს და სცემეს.

მირზა სუბელიანი ამტკიცებს, რომ სწორედ ამის გამო მას სახელმწიფოს იმედი აღარ აქვს, თუმცა ამბობს, რომ ის სწორედ ხელისუფლების გადარჩენის მიზნით დათანხმდა გარიგებას, რომლის მიხედვითაც მას სასამართლომ ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა და კიდევ ერთი წლით პირობითი მსჯავრი უნდა შეუფარდოს.

banner
წინა სტატიაშიხელისუფლებას არ აქვს პასუხები, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია – ჭიჭინაძე ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების აუცილებლობაზე საუბრობს
შემდეგი სტატია“თქვენ იყავით მიხეილ სააკაშვილის ნოტარიუსები”- სკანდალური ჩანაწრები და ხმაური ბიუროს სხდომაზე