სუბარი: სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრებმა ძალიან უცნაური განცხადება გააკეთეს

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრებმა ძალიან უცნაური განცხადება გააკეთეს და გუშინ მიკერძოების შთაბეჭდილება დამრჩა, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა განაცხადა.

დეპუტატის თქმით, სახალხო დამცველს უფლება აქვს, პროცესში ჩართვა მოითხოვოს.

„სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრებმა ძალიან უცნაური განცხადება გააკეთეს და გუშინ მიკერძოების შთაბეჭდილება დამრჩა, რადგან ადამიანები შევიდნენ და თქვეს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არის აბსოლუტურად ყველა პირობა, რათა ადამიანებს მეთვალყურეობა ჩაუტარდეთ შიმშილობისას და მათი რეაბილიტაცია მოხდეს. არიან მაღალკვალიფიციური ექიმები, როგორც სისტემის შიგნით, ასევე რესპუბლიკური საავადმყოფოდან მივლენილნი. ადგილზე არის ყველა პირობა, მაგრამ თქვეს, რომ არ არის გამოცდილება მსგავსი მართვისო და ეს ძალიან უცნაურია, რადგან თუ არსებობს აპარატურა, გამოცდილი არიან ექიმები, აბა, გამოცდილება კედლებს ხომ არ ექნებათ, თუ ყველაფერი არსებობს? თუ გამოცდილებაზეა საუბარი, საქართველოში, არსად, შიმშილობის და შიმშილობის შემდეგ სარეაბილიტაციო პროცესების მართვის ისეთი გამოცდილება არ არის, როგორც სასჯელაღსრულების სისტემაში და ამას ვამბობ, როგორც ყოფილი სახალხო დამცველი და სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი. ბოლო ორი წლის განმავლობაში, 2400-მდე შიმშილობის ფაქტი იყო სასჯელაღსრულების სისტემაში. ეს რაოდენობა სამოქალაქო სექტორში ბოლო ათი წლის განმავლობაში ერთად არ ყოფილა. ეს გამოცდილება ყველაზე კარგად სწორედ სასჯელაღსრულების სისტემაშია დაგროვილი და ამას ის ექიმები ემატებიან, ვინც სამოქალაქო სექტორიდან არიან შეყვანილი. ნებისმიერი ოდნავი გართულების შემთხვევაში, შიმშილობა-მკურნალობა-რეაბილიტაცია ხდებოდა სწორედ სამკურნალო დაწესებულებაში. თუ სადმე არის დაგროვილი გამოცდილება, სწორედ აქ არის“, – განაცხადა სუბარმა.

სოზარ სუბარის განცხადებით, სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრებმა თქვეს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობა არის დამაკმაყოფილებელი, მაგრამ რამდენიმე დღეში შეიძლება დამძიმდეს.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველთან მოქმედ მედიკოსთა ჯგუფის წევრი აცხადებს, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით საბოლოო პოზიციას დღეს ჩამოაყალიბებენ
შემდეგი სტატიაუგულავა: მოშიმშილე ადამიანს ხელს არავინ კიდებს არსად, ივანიშვილის ნაბიჭვრების გარდა