სუბარი: სააკაშვილის უკრაინაში დაკავების კადრები გაცილებით მძიმე იყო სანახავად, ვიდრე საქართველოში

სააკაშვილის უკრაინაში დაკავების კადრები გაცილებით მძიმე იყო სანახავად, ვიდრე საქართველოში, სადაც სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა სამართალდამცავებს, – განაცხადა პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა.

სუბარმა კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივით გამართულ, ვლადიმირ ზელენსკისა და საქართველოს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის სატელეფონო საუბართან დაკავშირებით.

„უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაში კრიტიკა არ დამინახავს. ეს იყო ორი მეგობარი ქვეყნის ხელმძღვანელების საუბარი, სადაც ორივე თავის პოზიციას გამოხატავდა. თუ ვსაუბრობთ ღირსების შელახვაზე, ღირსების შელახვა და არანაირი უფლებების დარღვევა კადრებში არ ყოფილა. გაცილებით მძიმე კადრები იყო, როცა უკრაინაში დააკავეს მათი მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი. მაშინ კარგად დავინახეთ, ხელჩაკიდებულს როგორ მიაკარჩხალებდნენ, როგორ აღუკვეთეს თავისუფლება და როგორ ჩამოიყვანეს სახურავიდან, თუმცა იმ ქმედებებშიც ვერ ვხედავ უფლებების დარღვევას, რადგან ნებისმიერი ქვეყნის სამართალდამცავს აქვს უფლება, გამოიყენოს ძალა, როცა მას მოქალაქე არ ემორჩილება.

სანახავად თუ ავიღებთ, ის კადრები გაცილებით უფრო მძიმე იყო, ვიდრე საქართველოში, სადაც მიხეილ სააკაშვილი სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა სამართალდამცავებს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

banner
წინა სტატიაშიგიგა ბოკერია დევიდ კრამერის განცხადებას ეხმაურება: თუ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი არ განიმუხტება, თავისუფალ სამყაროს მოუწევს ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების ამოქმედება
შემდეგი სტატიასუს-თან დაკავებულ 20-მდე პირს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, 3-ს 6-დღიანი პატიმრობა შეეფარდა