სუბარი – ყველა დამნაშავე პასუხს აგებს და ნურავის დაშინებას ეცდებიან, უგულავას კრიმინალური განცხადებების გაკეთება დასჩემდა, სჯობს, სიტყვებს დაუკვირდეს

ყველა დამნაშავე პასუხს აგებს და ნურავის დაშინებას ეცდებიან, – ასე ეხმაურება პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი ოპოზიციონ გიგი უგულავას მიერ ერთ-ერთ მედიაში გაკეთებულ განცხადებას.

საუბარია განცხადებაზე, სადაც უგულავა ამბობს: „სააკაშვილს მოუვა რაღაც ციხეში და დაგჭირდებათ ძმაკაცობა მღვდლებთან, ბევრი წესის აგება მოუწევთ, თვითონ ჩავერთვები შურისძიებაში“.

სოზარ სუბარის თქმით, გიგი უგულავას კრიმინალური განცხადებების გაკეთება დასჩემდა.

„დიდი ხანია, გიგი უგულავას დასჩემდა კრიმინალური განცხადებების გაკეთება. სჯობს, თავის სიტყვებს დაუკვირდეს, რადგან თავის განცხადებებში მართლა დანაშაულის ზღვარზე დადის. რაც შეეხება შურისძიებას, ყველა დამნაშავე პასუხს აგებს და ნურავის დაშინებას ეცდებიან. სჯობს, ცოტა თავის ნერვებს და ჯანმრთელობას მოუფრთხილდეს, რადგან ასეთი თვითგაბრაზებით შეიძლება, ჯანმრთელობა დაიზიანოს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ამასთან, როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, ყველა კარგად იაზრებს, რომ სააკაშვილი დამნაშავეა და მან სასჯელი უნდა მოიხადოს.

„როცა სააკაშვილის სასამართლო პროცესების დროს 20-30 კაცის მეტი ვერ გროვდება სასამართლოსთან და ამ დროს ქუჩაში 200 ათასი კაცის გამოსვლას ითხოვენ, ეს ნიშნავს, რომ ქართულ საზოგადოებას არ აინტერესებს სააკაშვილის მდგომარეობა. ყველას კარგად აქვს გააზრებული, რომ სააკაშვილი არის დამნაშავე, უნდა მოიხადოს სასჯელი. იმასაც კარგად ხედავენ, რომ პენიტენციური სამსახური მისი ჯანმრთელობის დასაცავად ყველაფერს აკეთებენ და მის ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება. არანაირი სამოქალაქო დაპირისპირება არ იქნება. მსგავსი იმედები სააკაშვილს მაშინ ჰქონდა, როცა საქართველოში შემოდიოდა, რომ მას 200 ათასი ადამიანი დახვდებოდა, მის დაჭერას არ დაუშვებდნენ, თუმცა ზის ციხეში. მსგავსს იმედებს დღესაც არ კარგავს, მაგრამ მისი ოჯახის წევრებისა და თაკო ჩარკვიანის გარდა, მხარდასაჭერად არავინ გამოდის. მისი მხარდამჭერების რაოდენობა ჩამოვიდა გიული ალასანიამდე და თაკო ჩარკვიანამდე“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

წინა სტატიაშიევროპა ჩვენს ნავთობს მესამე ქვეყნების დახმარებით, უფრო ძვირად იყიდის – რუსი პოლიტიკოსი
შემდეგი სტატიარუბეჟნოედან და პოპასნადან ადამიანების გამოყვანა უკვე შეუძლებელია, იქ შესვლას ვერ ვახერხებთ – გაიდაი