სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული ოპოზიციური „სტუდენტური სიის“ წარმომადგენელმა, იოვო ბაკიჩმა განაცხადა, რომ ახალი ხელისუფლება რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას არ გეგმავს.
ბაკიჩის თქმით, სერბეთი პატივს სცემს რუსეთს, როგორც ისტორიულად მნიშვნელოვან პარტნიორს, ხოლო სანქციების დაწესება პოლიტიკურად მიზანშეწონილი არ არის.
„პატარა სერბეთის მხრიდან რუსეთისთვის სანქციების დაწესება არაფერს შეცვლის, მაგრამ სიმბოლურად ძალიან ცუდი იქნება… ჩვენ პატივს ვცემთ რუსეთს, როგორც დიდი ძალის მქონე სახელმწიფოს, ისე ჩვენს ისტორიულად მნიშვნელოვან პარტნიორს და ხშირ შემთხვევაში ჩვენს დამცველსაც. ამ მხრივ არანაირი ცვლილება არ იქნება“, — აღნიშნა იოვო ბაკიჩმა.
მან ასევე დასძინა, რომ სერბეთმა წარსულში გაერო-ს სანქციები გამოსცადა და იცის, თუ რას ნიშნავს აღნიშნული შეზღუდვები.
სერბეთში გამართულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში „სტუდენტურმა სიამ“ ალექსანდრ ვუჩიჩის მმართველი პარტია დაამარცხა.

















