სტუდენტური მოძრაობა “დაიცავი ილიაუნი” აანონსებს აქციას ოთხშაბათს, 20 მაისს, 17:00 საათზე, ილიაუნის A კორპუსთან.
“მანამდე არსებულ პრობლემებს ახლებიც დაემატა და ახლა უკვე კონკრეტულ შეზღუდვებს ვაწყდებით:
კანონში ახალი ცვლილებით, პირველკურსელებს აღარ აქვთ თავისუფალი კრედიტები, მაინორის არჩევის საშუალება. ამით მათ ერთმევათ აკადემიური არჩევნის თავისუფლება, რაც საუნივერსიტეტო განათლების ერთ-ერთი მთავარი საყრდენია.
პროგრამების ნაწილის ნაჩქარევად, შეზღუდულ დროში, 4-დან 3 წლამდე შემცირება პირდაპირ აისახება განათლების ხარისხზე. პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება სტუდენტმა მიიღოს სრულყოფილი ცოდნა.
ეს პროცესი არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი კონკრეტული უნივერსიტეტით. პრობლემა ეხება ყველა სტუდენტსა და ქვეყანაში არსებულ ყველა უმაღლეს სასწავლებელს.
აქციის განმავლობაში სიტყვით გამოვლენ სპიკერები, რომლებიც პრობლემის განსხვავებულ ასპექტებსა და იმ გამოწვევებს განიხილავენ, რომელთა წინაშეც დღეს აკადემიური სივრცე დგას.
ჩვენი შეკრების მიზანია ვაჩვენოთ, რომ წინააღმდეგობა გრძელდება. ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენს უფლებებს, ილიაუნისა და ყველა სხვა უნივერსიტეტის ავტონომიას და, რაც მთავარია – ილიას გზას განათლებისთვის”, – აცხადებენ სტუდენტები.















