სტუდენტი რეჟისორების ხელშეწყობის მიზნით, კულტურის სამინისტრომ სადადგმო ხარჯის დაფინანსებისათვის კონკურსი გამოაცხადა

დღეს, 13 აპრილს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი „სტუდენტი რეჟისორების სპექტაკლების დადგმის ხელშეწყობა“. კონკურსის ბიუჯეტი შეადგენს 35 000 ლარს და მისი მიზანია სახელოვნებო-საგანმანათლებლო პროცესის ხელშეწყობა; ახალგაზრდა, დებიუტანტ ხელოვანთა წარმოჩენა და პოპულარიზაცია, მათი პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობა; საქართველოს თეატრების რეპერტუარის ახალი შემოქმედებითი ხედვითა და დადგმებით გამდიდრება.
აღსანიშნავია, რომ 2021 წელს მსგავსი კონკურსი ჩატარდა, მაგრამ გასულ წელს სტუდენტებს ამ კონკურსის ფარგლებში მხოლოდ სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ თეატრებში შეეძლოთ სპექტაკლების დადგმა. წელს კი არეალი გაფართოვდა და მოიცავს ყველა თეატრს. 2021 წელს კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა სამი პროექტი:
1. შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა ქეთევან სამხარაძემ ჭიათურის თეატრში, ჯემალ ქარჩხაძის რომანის მიხედვით, დადგა სპექტაკლი „უკან დაბრუნება“;
2. შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა დავით თარბამ თბილისის თოჯინების თეატრში მორის მეტერლინკის პიესის მიხედვით დადგა სპექტაკლი „წმინდა ანტუანის სასწაული“.
3. შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა ლევან ტოტოშვილმა თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრში ვუდი ალენის სცენარის მიხედვით, დადგა სპექტაკლი „სემ, დაუკარი ისევ”.
წელს საკონკურსოდ მიიღება უმაღლესი სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტ რეჟისორთა პროექტები საბაკალავრო და სამაგისტრო სპექტაკლების სადადგმო ხარჯის მოსაპოვებლად.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნებისმიერ თეატრს და/ან ორგანიზაციას, რომელიც ეწევა თეატრალურ საქმიანობას. ცალკეულ კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი საპროექტო განაცხადის წარმოდგენა.
საკონკურსო განაცხადები მიიღება 2022 წლის 13 აპრილიდან 2022 წლის 21 აპრილის 12:00 საათამდე სამინისტროში, მისამართზე: თბილისი სანაპიროს ქ. N4 მატერიალური სახით ან სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე – info@culture.gov.ge ელექტრონული დოკუმენტის სახით. კონსულტაციები შესაძლებელია ტელეფონის ნომერზე 599 25 21 88 (სამუშაო საათებში).
ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ გასაჯაროვდება სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე არაუგვიანეს 2022 წლის 10 მაისისა.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 3 ივნისის ბრძანებით N7864 „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობების და დაფინანსების წესის შესახებ“ დამტკიცებული დაფინანსების წესი, ფორმულარები და კონკურსის პირობები იხილეთ შემდეგ ბმულებზე:
დაფინანსების წესი – https://cutt.ly/7PGB6Oh
ფორმულარები – https://cutt.ly/ePGNsau
კონკურსის პირობები: https://cutt.ly/MFRxwU9

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი არ უნდა დაგვეჭირა, არაჟნებთან ერთად უნდა განგვებაჟებინა და უკან გაგვეშვა – ირაკლი კობახიძე
შემდეგი სტატიაბალტიისპირეთის ქვეყნებისა და პოლონეთის პრეზიდენტები კიევში ჩავიდნენ