სტუდენტების მიერ გადარჩენილი სიცოცხლე

ორი თვის წინ, მარნეულში მცხოვრებ 21 წლის კნიაზ ალიევს გულის მძიმე დაავადება დაუდგინდა – დილატაციური კარდიომიოპათია. ექიმებმა განაცხადეს, რომ პაციენტს სასწრაფოდ ესაჭიროებოდა გულის ტრანსპლანტაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში ახალგაზრდა ყმაწვილის სიცოცხლეს საფრხე შეექმნებოდა. კნიაზ ალიევი შეჭირვებულ ოჯახში ცხოვრობს, რომელსაც არც ოპერაციის და არც მკურნალობის თანხა არ გააჩნდა.
„მე ვარ უაღრესად ბედნიერი, რომ ჩვენს ქვეყანაში იზრდება ახალგაზრდობა, რომელიც მზად არის მხარში ამოუდგეს გასაჭირში ჩავარდნილ თანამოქალაქეს და გაუწოდოს მას დახმარების ხელი“, – განაცხადა „თაიმერთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოს აქტიურ აზერბაიჯანელ ქალთა ასოციაციის თავმჯდომარემ გულია მუსტაფაევამ. მისი თქმით, კნიაზ ალიევის დასახმარებლად გაერთიანდა საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის ასამდე აზერბაიჯანელი სტუდენტი, რომლებიც აქტიურ მოქმედებას შეუდგნენ.
სისხლის ჩაბარება, საქველმოქმედო სპექტაკლი, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა… ეს მცირე ჩამონათვალია იმ ღონისძიებებისა, რომლებიც სტუდენტებმა მოაწყვეს კნიაზ ალიევის დასახმარებლად.
განსაკუთრებული ეფექტი მოჰყვა სტუდენტების მიერ „ფეისბუკის“ სოციალურ ქსელში გახსნილ ჯგუფს, რომელსაც ასობით ქველმოქმედი ადამიანი გამოეხმაურა, როგორც საქართველოს მოქალაქეები, ასევე საქართველოდან წასული და ამჟამად უცხოეთში მცხოვრები აზერბაიჯანელები.

როგორც გულია მუსტაფაევამ გვითხრა, საერთო ჯამში შემოწირულობამ 164 000 დოლარი შეადგინა. კნიაზ ალიევს ბელორუსიის დედაქალაქ მინსკის ერთ-ერთ კლინიკაში 5 დღის წინ გული გადაუნერგეს. ამჟამად იგი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება და ექიმების განცხადებით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.
“მე მინდა ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა იმ სტუდენტებს, რომლებმაც გულთან ახლოს მიიტანეს კნიაზ ალიევის მდგომარეობა და გადაარჩინეს ეს ახალგაზრდა ბიჭი. ნამდვილად რომ შესანიშნავი, ჭკვიანი, ერთგული და კეთილი ახალგაზრდობა იზრდება. სახელებს ახლა არ ჩამოვთვლი, რამეთუ მეშინია რომელიმე მათგანი არ გამომრჩეს… თუმცა ამ ახალგაზრდებისთვის მთავარი „გამოჩენა“ არ არის. მათთვის მთავარია სიყვარული, ერთ მუშტად გაერთიანება და უანგაროდ კეთილი საქმეების კეთება“, – დასძინა ჩვენთან საუბარში გულია მუსტაფაევამ.

 

 

 

banner
წინა სტატიაშიუკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა სააკაშვილს უკრაინაში შესვლა 2021 წლამდე აუკრძალა
შემდეგი სტატიაკახა კუკავა გიორგი კვირიკაშვილს მიმართავს