სტუ-ს პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა განათლების სამინისტროსთან აქცია გამართეს

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა განათლების სამინისტროსთან აქცია გამართეს. ისინი უნივერსიტეტის რექტორის, არჩილ ფრანგიშვილის გადადგომას ითხოვენ და აცხადებენ, რომ მას არ აქვს უფლება რექტორის პოსტზე მესამე ვადით იყაროს კენჭი.

როგორც სტუდენტებმა აღნიშნეს, ისინი სოლიდარობას უცხადებენ იმ პროფესორ-მასწავლებლებს, რომლებიც ამჟამად ტექნიკური უნივერსიტეტის შენობასთან შიმშილობენ.

სტუდენტები ითხოვენ განათლების სამინისტროსგან, რომ მოხდეს განათლების სისტემაში ძირეული ცვლილებების განხორციელება.

„ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ და მხარს ვუჭერთ იმ ადამიანებს, რომლებიც შიმშილობენ ტექნიკურ უნივერსიტეტში. ჩვენ ვითხოვთ რექტორის გადადგომას, რადგან არანაირი პროგრესი არ არის უნივერსიტეტში, არ არის წინსვლა, არ ხორციელდება რეფორმები და ამიტომ ვითხოვთ განათლების სამინისტროსგან, რომ გატარდეს ძირეული რეფორმები განათლების სისტემაში, რათა ტექნიკურ უნივერსიტეტს შეეძლოს წინსვლა და განვითარება“, – განაცხადა რატი ადეიშვილმა.

აქციას ასევე შეუერთდა მოძრაობა „ხალხის ხმა“. როგორც მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა, ის ერთ-ერთია იმ სტუდენტთაგან, რომელიც 2011 წელს არჩილ ფრანგიშვილის კაბინეტიდან გაიტაცეს.

„ჩვენ ვითხოვთ განათლების მინისტრთან შეხვედრას, რათა გავაცნოთ ჩვენი მოთხოვნები, რათა მან განახორციელოს ძირეული რეფორმები განათლების სისტემაში. მე ერთ-ერთი ვარ იმ 4 სტუდენტიდან, რომელიც 2011 წელს ფრანგიშვილის კაბინეტიდან გაიტაცეს, როდესაც მე მას შევხვდი მოგვიანებით, მითხრა, რომ მოგვარებული აქვს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილთან. როგორ შეიძლება ასეთი ადამიანი მართავდეს უნივერსიტეტს და ისიც მესამე ვადით“, – განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.

ამ დროისთვის განათლების სამინისტროსთან სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების აქცია დასრულებულია.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ოქროპირიძის საქმეზე ბრალდების ორი მოწმე დაიკითხა
შემდეგი სტატია“თუ სადმე გამოჩნდება წნეხი და ზეწოლა “რესპუბლიკური პარტიის” მოხელეების მიმართ, კონტრ ზომებსაც მივიღებთ,”