სწავლა განახლდა – “თუ რამე ნაბიჯის გადადგმა გახდა საჭირო, უსწრაფესად მივიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებას”

საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დღეიდან სასწავლო პროცესი განახლდა. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეკომენდაციის საფუძველზე, სწავლის დაწყებამდე შენობებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

როგორც მინისტრი აცხადებს, დაკვირვება ყოველდღიურ რეჟიმში განხორციელდება და იმ შემთხვევაში, თუ რაიმე ნაბიჯის გადადგმა გახდება საჭირო, სამინისტროს მხრიდან უსწრაფესად იქნება მიღებული გადაწყვეტილება.

მიხეილ ბატიაშვილი კიდევ ერთხელ მიმართავს რეკომენდაციით, რომ ვირუსების თავიდან ასაცილებლად, განსაკუთრებული ყურადღევა მიექცეს ჰიგიენას და შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინებას.

„სამინისტრო ყველა შესაბამის უწყებასთან აქტიურად თანამშრომლობს. ჩვენ საათობრივ რეჟიმში ვიქნებით ჩართულნი სკოლებთან და შესაბამის ორგანოებთან და ნებისმიერ საფრთხის შემთხვევაში წამიერად მზად ვართ, მივიღოთ გადაწყვეტილება. გვესმის, რომ სწავლა მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ბავშვების ჯანმრთელობა. ამიტომ, წითელას შეეხება თუ გრიპის ვირუსს, ყოველდღიურად დავაკვირდებით, ვივლით სკოლებში, ვნახავთ პროცესი როგორ მიმდინარეობს და თუ რამე ნაბიჯის გადადგმა გახდა საჭირო, უსწრაფესად მივიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებას”,- განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

„სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს სკოლებს საკლასო ოთახები და დერეფნები დალაგდეს სველი წესით, შესაბამისი ხსნარებით გაიწმინდოს მერხები, სკამები და სასკოლო ინვენტარი. პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისას უზრუნველყონ სკოლის ექიმების სრულფასოვანი ჩართულობა და დაიცვან ყველა ის რეკომენდაცია, რაც დაავადების თავიდან აცილებას უკავშირდება და რომელსაც ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გასცემს“, – ნათქვამია განათლების სამინისტროს ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშირუსთავში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მოწამლულია 9 წლის გოგონა მოიწამლა
შემდეგი სტატია(video)”ტრაგედიაა, რომ ბევრ თქვენგანს უხდება ჩვენი ქვეყნის გარეთ ყოფნა” – მიხეილ სააკაშვილი ნიუ-იორკში მცხოვრებ ქართველებს შეხვდა