სტრატეგიულ წერტილებში ახალწვეულები არ უნდა იდგნენ, ამან შეიძლება გართულებები გამოიწვიოს – ექსპერტები

სამხედრო ექსპერტები თვლიან, რომ სტრატეგიულ წერტილებში ახალწვეულები არ უნდა მსახურობდნენ და ოკუპირებულ ზონებთან უსაფრთხოებას გამოცდილი კადრები უნდა იცავდნენ.
“არ არის სასურველი, რომ წვევამდელი იდგეს ისეთ ადგილას, სადაც მან თავისი გამოცდილების უქონლობით კონფლიქტი გამოიწვიოს. დღეს ეს უბედური შემთხვევა რაც მოხდა, ჩვენს შორის მოხდა. იგივე რომ მოხდეს რუს ჯარისკაცთან, ამან შეიძლება გართულებები გამოიწვიოს და ეს ჩვენ ხელისუფლებას რუსეთის არ გაღიზიანების პოლიტიკა ჩაუყაროს წყალში და ამიტომ, კარგი იქნება თუ მეტ ყურადღებას მივაქცევთ,“ – განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.

ექსპერტები აქცენტს კონფლიქტის ესკალაციის რისკზე აკეთებენ და შესაბამის ორგანოებს სოფელ მუჟავაში მომხდარი შემთხვევის სრულფასოვანი გამოძიებისკენ მოუწოდებენ.

„გამოძიება უნდა ჩატარდეს, გამოკვლეული იქნას გარემოებები თუ როგორ და რა ვითარებაში მოხდა. დაუდევრობას ჰქონდა ადგილი, თამაშს ჰქონდა ადგილი თუ არის ასეთი რამ, ცვლის მომზადების დროს ხდება იარაღის შემოწმება და შესაძლოა, მაშინ მოხდა გასროლა და ანარეკლი ტყვია მოხვდა. უამრავი შემთხვევა შეიძლება იყოს, რაზეც პასუხები მხოლოდ და მხოლოდ გამოძიებამ უნდა გასცეს,“ – აცხადებს საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების ყოფილი სარდალი ამირან სალუქვაძე.

არაოფიციალური ინფორმაციით, 19 წლის წვევამდელ ბექა რუსიას ასევე წვევამდელმა შემთხვევით ესროლა. შემთხვევა აფხაზეთის საოკუპაციო ზოლთან ახლოს, სოფელ მუჟავაში შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ტერიტორიაზე გუშინ მოხდა.

banner
წინა სტატიაში“როცა უცხოელებს ავუკრძალეთ მიწის ყიდვა, მისი ფასი დავაგდეთ”- პრეზიდენტი საკონსტიტუციო ჩანაწერის გამო მმართველ გუნდს აკრიტიკებს
შემდეგი სტატია(Video) “კალაძე “დაღუპულია, წარწყმედილი და ჯოჯოხეთშია” – მეუფე სპირიდონი