„სტრატეგია აღმაშენებელი“ პარლამენტიდან გასვლას არ განიხილავს

„სტრატეგია აღმაშენებელი“ პარლამენტიდან გასვლას არ განიხილავს,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, შეუერთდება თუ არა მისი პარტია ბოიკოტს, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტს დატოვებს.

მისი თქმით, პარლამენტი პოლიტიკური ბრძოლისთვის ერთ-ერთი ბერკეტია და ოპოზიციამ ყველა არსებული ბერკეტი უნდა გამოიყენოს.

„ყველა პარტიის ტაქტიკა ამ კონკრეტული პარტიის გადასაწყვეტია და ვერ ჩავერევით. „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოზიცია კი იყო და დღემდე რჩება ასეთი – ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა არსებული ბერკეტი პოლიტიკური ბრძოლისთვის, პოლიტიკური გადაწყვეტილებებისთვის. შესაბამისად, პარლამენტი, ისევე როგორც საკრებულოები, არის ერთ-ერთი ასეთი ბერკეტი. საერთაშორისო ფრონტზე აქტიურობა, მედიასთან და ხალხთან ურთიერთობა – ყველაფერი ეს არის პოლიტიკური ბრძოლის და საქმიანობის ნაწილი. „სტრატეგია აღმაშენებელი“ ამ მომენტისთვის პარლამენტიდან გასვლას არ განიხილავს. მითუმეტეს, საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის ვალდებულებაც გვაქვს ხელისუფლებას და პოლიტიკურ სპექტრს, გასატარებელია. ამისკენ მოგვიწოდებენ ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც“,- განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

როგორც ჩიხლაძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე პარლამენტიდან გასვლა სწორი გადაწყვეტილება არ იქნება, „რადგან პარლამენტი ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანი ბერკეტია“.

„ამ ბერკეტის გამოცლა და ამ ბერკეტის გარეშე ოპოზიციის დატოვება უგუნური გადაწყვეტილება იქნებოდა“,- განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

banner
წინა სტატიაშიუკრაინიდან პოლონეთს 2.9 მილიონზე მეტმა ლტოლვილმა შეაფარა თავი
შემდეგი სტატიაუკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონში 50-მდე რუსი ოფიცერი მოკლეს – არესტოვიჩი