„სტრატეგია აღმაშენებელი“ – “ოცნებამ” უარი თქვა არამხოლოდ ევროკავშირის ფინანსურ დახმარებაზე, არამედ დემოკრატიული რეფორმების გზით სვლაზე და ევროკავშირში წევრობის პერსპექტივაზე

პოლიტიკური პლატფორმა „მესამე ძალა-სტრარეტია აღმაშენებელი“ ევროკავშირის დახმარებაზე საქართველოს ხელისუფლების უარს ეხმიანება. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „ქართული ოცნების“ ეს გადაწყვეტილება რუსული ოკუპაციის პირობებში, მხოლოდ კრემლის ინტერესებს შეესაბამება.

განცხადების თანახმად, მაშინ, როდესაც საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში წევრობას, ამ დახმარებაზე წინმსწრებით უარით მთავრობა უარს ამბობს დემოკრატიულ რეფორმებზე, რის გარეშეც საქართველო ევროპული ოჯახის წევრი ვერ გახდება.

„ქართული ოცნებამ“ მორიგი უკანგადადგმული ნაბიჯით დაგვაშორა დასავლეთს. ორი დღეა საქართველოს მთავრობა ცდილობს საკუთარი ხალხი მოატყუოს, რომ მან ევროკავშირს უარი უთხრა 75 მილიონი ევროს დახმარებაზე, რომელიც განკუთვნილი იყო საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობისთვის.

ევროკავშირის ხელმძღვანელის მოვალეობის დროებითი შემსრულებლის ჯილიენ კრამპის განცხადებით კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა ის, რაზეც ჩვენ ამ ხნის მანძილზე ხმამაღლა ვსაუბრობდით, რომ პოლიტიკური შეთახმების დარღვევას მოჰყვებოდა შესაბამისი სანქციები. მორიგი ფინანსური დახმარება ევროკავშირიდან დამოკიდებული იყო მთავრობის მიერ დემოკრატიული რეფორმების და კერძოდ, მართლმსაჯულების რეფორმის გატარებაზე, რომლის შესრულების ვალდებულება „ქართულმა ოცნებამ“ აიღო შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელმოწერით.

მაშინ, როდესაც საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში წევრობას, ამ დახმარებაზე წინმსწრებით უარით მთავრობა უარს ამბობს დემოკრატიულ რეფორმებზე, რის გარეშეც საქართველო ვერ გახდება ევროპული ოჯახის წევრი. მეტიც, კიდევ ერთხელ მკაფიოდ გაგვაფრთხილეს, რომ ყველა მორიგი დახმარება სწორედ დემოკრატიულ რეფორმებზე იქნება დამოკიდებული.

შესაბამისად, მმართველმა ძალამ კიდევ ერთხელ ქვეყნის ინტერესების საზიანოდ უარი თქვა არამხოლოდ ევროკავშირის ფინანსურ დახმარებაზე, არამედ დემოკრატიული რეფორმების გზით სვლაზე და ევროკავშირში წევრობის პერსპექტივაზე. ეს კი რუსული ოკუპაციის პირობებში, მხოლოდ კრემლის ინტერესებს შეესაბამება. სწორედ იმისთვის, რომ საქართველოს ჰქონდეს დასავლურ ოჯახში წევრობის პერსპექტივა, რაც ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის და სტაბილურობის გარანტიაა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია 2 ოქტომბრის არჩევნების მეშვეობით „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გაშვება და კოალიციური მმართველობით ქვეყნის დასავლურ ორბიტაზე დაბრუნება“, – ნათქვამია „მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის“ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 74 პაციენტი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაქავთარაძის ქუჩაზე მდებარე საველე ჰოსპიტალში ამ დროისთვის 91 პაციენტია მოთავსებული