„სტრატეგია აღმაშენებელი“ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო სექტორის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას მოითხოვს

პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“ დაუყოვნებლივ მოითხოვს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო სექტორის მრავალპროფილურ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაყვანას. ამის შესახებ პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

მათი თქმით, პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ უარყოფით შედეგზე სრული პოლიტიკური, მორალური და იურიდიული პასუხისმგებლობა დაეკისრება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას.

„სტრატეგია აღმაშენებელი“ მოვითხოვთ, რომ მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ იქნას გადაყვანილი სამოქალაქო სექტორის მრავალპროფილურ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში. დაუშვებელია ხელისუფლების მცდელობა, რომ პრეზიდენტი გადაიყვანონ ციხის საავადმყოფოში, სადაც ვერ იქნება დაცული მისი სიცოცხლე და უსაფრთხოება, მითუმეტეს, რომ ციხის საავადმყოფო არ არის აღჭურვილი ყველა იმ ტექნოლოგიით, რაც აუცილებელია მოშიმშილე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად და სამკურნალოდ.

ასევე აღსანიშნავია, რომ გასულ წელს 585 პატიმარი იქნა გადაყვანილი ციხიდან სამოქალაქო სექტორის პოლიპროფილურ კლინიკაში შესაბამისი მკურნალობის კურსის გასავლელად, ხოლო ბოლო წლების განმავლობაში ათასობით პატიმარი იქნა გადაყვანილი, ასევე სამოქალაქო სექტორის კლინიკაში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული კვლევების ჩასატარებლად. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ციხის საავადმყოფო ვერ აკმაყოფილებს ყველა იმ სტანდარტს, რაც საჭიროა სხვადასხვა კვლევებისა თუ მკურნალობის ჩასატარებლად. ეს ფაქტი მიანიშნებს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ ადგილი აქვს პირად შურისძიებასა და პოლიტიკურ ანგარიშსწორებას.

მოვითხოვთ ხელისუფლებისგან გვერდზე გადაწიონ პირადი ანგარიშსწორება და იზრუნონ მიშიმშილე პოლიტპატიმრის, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე. პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ უარყოფით შედეგზე სრული პოლიტიკური, მორალური და იურიდიული პასუხისმგებლობა დაეკისრება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიმდინარაძე – არც ერთი ადამიანი არ იქნება, ვინც თავისი ნებით არ უერთდება აქციას
შემდეგი სტატიაპაპუაშვილი – „ნაციონალური მოძრაობა“ კიდევ ერთხელ თვალებში ჩახედავს იმ მარცხს, რაც 2 ოქტომბერს იწვნია