სტრასბურგში ქართული ანბანით გაფორმებული ტრამვაი იმოძრავებს

სტრასბურგში, დღეიდან ექვსი თვის განმავლობაში, ქართული ანბანით გაფორმებული ტრამვაი იმოძრავებს.

აღნიშნული ჟესტი საქართველოსთვის ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის გადაბარებას ეძღვნება.

სპეციალური ტრამვაით, რომელზეც ქართული ანბანი და ევროპის საბჭოს საქართველოს თავმჯდომარეობის ლოგო არის დატანილი, თავმჯდომარეობის ოფიციალურად გადაბარებამდე, დღეს ევროპის საბჭოს სასამართლო შენობიდან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლები იმგზავრებენ. შემდეგ კი, სტრასბურგის რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება საქართველოს, როგორც თავმჯდომარე ქვეყნის, დროშის აღმართვის ცერემონია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, სტრასბურგის მერიის, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნისა და ევროპის საბჭოში საფრანგეთის მუდმივი წარმომადგენლის მონაწილეობით.

ცერემონიის ფარგლებში გაიჭრება სიმბოლური ლენტი და შესრულდება საქართველოს ეროვნული ჰიმნი.

საქართველოს საფრანგეთის მხრიდან დღეს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის სიმბოლური გასაღები გადაეცემა.

საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა დღეიდან 2020 წლის 15 მაისის ჩათვლით იქნება.

banner
წინა სტატიაშიქოცპროპაგანდისტული მედიის დიდი შემოსევაა სტრასბურგში – სამადაშვილი
შემდეგი სტატიამსჯავრდებულთა შეწყალების ახალი წესი – საკანონმდებლო მაცნეში პრეზიდენტის ბრძანებულება გამოქვეყნდა