სტრასბურგში მოსამართლეობის ერთ-ერთი კანდიდატი ევა გოცირიძეც იქნება

სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის კანდიდატთა სამპირიანი სია დღეს იქნა გადასინჯული, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, კონკურსის შედეგად ხუთი საუკეთესო კანდიდატი ალექსანდრე ბარამიძე, ნანა მჭედლიძე, გიორგი ბადაშვილი, ევა გოცირიძე და ანა დოლიძე შეირჩა.

„ამის შემდეგ საქართველოს მთავრობას, რომელსაც წარედგინა ხუთპირიანი სია საქართველოს მთავრობამ, რომელმაც სამი ადამიანი აირჩია გააგზავნა სტრასბურგში, ეს გახლავთ – ალექსანდრე ბარამიძე, ნანა მჭედლიძე და გიორგი ბადაშვილი. ჩვენ გვქონდა კონსულტაციები ე.წ. ფილტრაციის პროცედურის ფარგლებში, რომელიც კონკურსის მეორე ეტაპია და მივიღეთ რეკომენდაციებიც, რომელიც ამბობს, რომ ალექსანდრე ბარამიძის კანდიდატურა სრულად აკმაყოფილებს სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლისათვისთვის საჭირო კომპეტენციას, კვალიფიკაციას და სტანდარტებს. რაც შეეხება გიორგი ბადაშვილს მასზე გამოითქვა რეკომენდაცია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში იურისტად მუშაობის 11 წლიანი გამოცდილება დადებითია, თუმცა სასურველი იქნებოდა, რომ მას სხვა პროფესიული გამოცდილებაც ჰქონოდა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს კანდიდატი 36 წლის გახლავთ“, – განაცხადა წულუკიანმა.

მისივე თქმით, ნანა მჭდელიძის კანდიდატურასთან დაკავშირებით გამოითქვა აშკარად უარყოფითი რეკომენდაცია.

წულუკიანის განცხადებით, ევროპის საბჭოს ექსპერტებმა თქვეს, რომ კანდიდატს მისი კარიერული განვითარების ამ ეტაპზე, არ აქვს არც მართლმსაჯულების სისტემაში სათანადო გამოცდილება და არ აქვს არც აკადემიურ სფეროში სათანადო ხანგრძლივობის გამოცდილება.

„ეს რეკომენდაციები, რა თქმა უნდა არის რეკომენდაციები, მაგრამ მაინც სტანდარტი არის ერთი – სამპირიანი სიაში უნდა იყოს ორი სქესის წარმომადგენელი და ორივე სქესის წარმომადგენელები უნდა იყვნენ ერთმანეთის რეალური კონკურენტები. შესაბამისად ვიმსჯელეთ და მთავრობამ გადაწყვიტა, რომ იმავე საჯარო კონკურსის შედეგად შერჩეული 5 კანდიდატიდან აერჩია ქალი კანდიდატი და ქალბატონი ნანა მჭედლიძის ნაცვლად სიაში შეყვანილი იუსიტციის უმაღლესი საბჭოს ამჟამინდელი წევრი ევა გოცირიძე”, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

მისივე თქმით, ევა გოცირიძე არის იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდარი და საერთაშორისო სამართლის დოქტორი.

„ევა გოცირიძეს წარმატებით აქვს გავლილი საადვოკატო საქმიანობისთვის უცილებელი გამოცდები, სისხლის სამართლის სპეციალიზაციით და მიღებული აქვს 100-დან 98 ქულა. აქვს გავლილი მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო სტაჟირება და ის გახლავთ მეცნიერი. ევა გოცირიძე ხუთი წლის განმავლობაში ადამიანის უფლებათა ცენტრს ხელმძღვანელობდა. ევა გოცირიძეს აქვს 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, შვიდი საავტორო წიგნი. ევა გოცირიძემ ჯერ კიდევ 1998 წელს გამოაქვეყნა და მისი ავტორობით მიღებულ იქნა მოსამართლეთა ეთიკის კოდექსი. ჩვენ როგორც სუვერენულმა ორგანომ ვიფიქრეთ, რომ გვჭირდება ალექსანდრე ბარამიძის საპირწონე კონკურენტუნარიანი ქალი კანდიდატი, რომელიც დღეს საქართველოს მთავრობის მიერ ჩაითვალა ევა გოცირიძე. მე ყველა კანდიდატს ვუსურვებ წარმატებას. წარმატებას ვუსურვებ ასევე ქალბატონ ნანა მჭედლიძეს, ახალგაზრდა კონკურენტულ ქალბატონს, რომელიც მჯერა რომ აუცილებლად გახდება მოსამართლე”, – განაცხადა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით მთავარ პროკურატურაში გამოკითხვები გრძელდება
შემდეგი სტატიაგიორგი პაპუაშვილი მთავარ პროკურორს დღეს შეხვდება