ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ “რუსულ კანონთან” დაკავშირებით არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების საჩივრის განხილვა დაიწყო. ინფორმაცია ამის შესახებ თავად NGO-ებმა გაავრცელეს.
ქურდოვანიძის თქმით, საჩივრის გაგზავნის შემდგომ გაგრძელდა და გაძლიერდა სამოქალაქო საზოგადოების დევნა – “ქართული ოცნების” განგრძობადი პოლიტიკის ნაწილია FARA-ს თარგმანის ხელახალი ინიციირებაც და მისი აშშ-ში მოქმედ კანონად გასაღება.
“სასამართლომ გვაცნობა, რომ დაიწყო რუსული კანონის წინააღმდეგ სამოქალაქო საზოგადოების, მედია ორგანიზაციების და ფიზიკური პირების მიერ გაგზავნილი საქმის განხილვა ყველა იმ მუხლთან მიმართებით, რომელიც საჩივარში იყო მოცემული. ეს საქმე გავაგზავნეთ 2024 წლის 17 ოქტომბერს რუსული კანონის წინააღმდეგ და ვდავობდით არა ერთი კონვენციის გარანტირებული მუხლის დარღვევაზე, მათ შორის საჩივარი შეეხება ისეთი მუხლის დარღვევებს, როგორიც არის გაერთიანების თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება, დისკრიმინაციის აკრძალვის მუხლი, ასევე სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებების უფლება და უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები – ამ ყველა მუხლთან მიმართებით ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაიწყო საქმის განხილვა და სახელმწიფოს გამოუგზავნა შეკითხვები, რომლის შესახებაც უნდა იყოს შესაბამის დროს პასუხი გაგზავნილი.
სასამართლომ საქმეს მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე საქმის სტატუსი შეიძლება მიანიჭოს – ამის შესახებ კორესპონდენციაშია საუბარი, რომელიც მივიღეთ. მსგავსი სტატუსი ენიჭება ისეთ საქმეს, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის გამორჩეულად მნიშვნელოვან საკითხებს ეხება”, – თქვა საიას თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ.