„ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქართველოს ახალი მოსამართლის შერჩევის პროცესს საეჭვოდ მიიჩნევს. მისი თქმით, იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსზე ამ დრომდე „სრული სიჩუმეა“, რაც ქვეყნისთვის სამართლებრივი ვალდებულებების ჩაშლის საფრთხეს აჩენს. პარალელურად, ოპოზიციონერი ლიდერი ევროსაბჭოს მოსალოდნელ რეზოლუციაზე და „მოსკოვის პროტოკოლის“ უმძიმეს რისკებზე საუბრობს.
პაატა დავითაიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა, რომ იანვარში სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს მოქმედ წარმომადგენელს ვადა უსრულდება, ხოლო ივლისში პარიზში, კომიტეტის სხდომაზე უკვე ახალი კანდიდატები უნდა წარადგინონ.
„სრული სიჩუმეა, არ ვიცით ვინ შეიტანა განაცხადი. ვფიქრობ, რომ შესაძლოა კანდიდატურების დაბლოკვაც მიდის, რომ საქართველოს წარმომადგენელი არ ჰყავდეს. მაშინ გამოდის, სასამართლო ვალდებულებებს ვერ შევასრულებთ, სად არის ხელისუფლების ქმედებების ლოგიკა?“ — აცხადებს დავითაია.
იგი ასევე გამოეხმაურა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მოსალოდნელ რეზოლუციას „დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება საქართველოში“ და აღნიშნა, რომ ხელისუფლების მხრიდან ამ დოკუმენტის „ფარატინა ქაღალდად“ მოხსენიება ტემპერატურის დაწევის ფუჭი მცდელობაა:
„ამ რეზოლუციაში ყველაზე მძიმე არის მოსკოვის პროტოკოლის საკითხი. რეზოლუცია ქვეყნებს მოუწოდებს, რომ სასამართლოში დაიწყოს საკითხებთან დაკავშირებით დავა. ეს ნიშნავს, რომ 3-მა სახელმწიფომ რომ მიმართოს ევროპულ სასამართლოს, საქმის განხილვა დაუყოვნებლივ დაიწყება. ქვეყნის იმიჯი მძიმედ დაზიანდება და მისი აღდგენა რთული იქნება“.















