სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება რ2-ზე – “მოსალოდნელია ხელისუფლებამ მათთვის სასარგებლო ინტერპრეტაციით წარმოაჩინოს”

“რუსთავი 2” და საზოგადოება სტრასბურგის სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილების მოლოდინში – სამაუწყებლო კომპანიის ეზოში გადაწყვეტილების გამოცხადებას კომპანიის მხარდამჭერები დაესწრებიან.
მანამდე კი პირველი შეფასებები უკვე გაკეთდა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები თვლიან, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილება ხელისუფლების წინააღმდეგ იქნება მიმართული, თუმცა ისინი შიშობენ, რომ მმართველი გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რათა ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას მათთვის სასარგებლო ინტერპრეტაცია მისცენ.

“ამ საქმეში გამოყენებულია შეჩერების მექანიზმი. ეს მიუთითებს რამდენად მნიშვნელოვანი საკითხი იყო. მანამდე არ გვახსოვს გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით დავის პროცესში გამოყენებული ყოფილიყო შეჩერების მექანიზმი. პრაქტიკულად, როცა ყველა ინსტანციაში დასრულდა საქმის განხილვა და დარჩენილი იყო მხოლოდ აღსრულება, ადამიანის უფლებათა სასამართლომ თქვა, რომ ახლა აუცილებელია შეჩერების მექანიზმი იმისათვის, რომ არ დადგეს შეუქცევადი პროცესი. ამ ფონზე, ცხადია, ეს საქმე იყო დიდი და რეზონანსული საქმე, მე ველოდები, რომ ეს იქნება დიდი და მოცულობითი გადაწყვეტილება, რადგან არ იყო ერთ მუხლზე დავა.

“ხელისუფლებამ პირველ რიგში, არ უნდა დაიწყოს ინტერპრეტაციების ძებნა ამ გადაწყვეტილებაში, ვფიქრობ ყველამ სათანადოდ და სიღრმისეულად უნდა წაიკითხოს რა ეწერება ამ ქვეყანაში და არ მიიღოს ვინმემ ისეთი გადაწყვეტილება, რაც დააზიანებს კიდევ უფრო ქვეყანაში მედიის დამოუკიდებლობას. ყველა ის მოთხოვნა და ყველა კომპონენტი, ზედმიწევნით უნდა შეასრულოს ყველა უწყებამ ვინც იქნება ეს,“-განაცხადა საია-ს ხელმზღვანელმა სულხან სალაძემ.

მედიაექსპერტი თამარ კინწურაშვილი ამბობს, რომ მთავარი რისკია როგორ წაიკითხავს და როგორ თარგმნის ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებას. მისი თქმით, მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილებაშიც იყო გაცხადებული, რომ მათი მიზანი არის „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა.

„არსებობს დიდი რისკი, რომ გადაწყვეტილება, რომელიც შეეხება სასამართლოს უფლების ხელყოფას და არა საკუთრების განსაზღვრის საკითხს, მათ პირდაპირ თავის სასარგებლოდ განმარტონ, როგორც ამას აკეთებდნენ.

“გვახსოვს, ვიდრე იქნებოდა ქართული სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, პოლიტიკოსები პირდაპირ ამბობდნენ ვის საკუთრებაში უნდა გადასულიყო ეს ტელეარხი. პირდაპირ მიუთითებდნენ, რომ ეს ქიბარ ხალვაშის საკუთრება უნდა ყოფილიყო. ეს არის მათი დაკვეთა და საშიშროება იმისა, რომ ამ დაკვეთის შესაბამისად გაიგონ ევროსასამართლოს გადაწყვეტილება არის დიდი,“-ამბობს თამარ კინწურაშვილი.

მისი თქმით, “რუსთავი 2”-ის გარეშე პლურალიზმის შენარჩუნება წამოუდგენელია.

ზვიად ქორიძე აცხადებს, რომ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, იქნება გარკვეული პერიოდი საჭირო, რათა ყველა მხარე საფუძვლიანად გაეცნოს ამ გადაწყვეტილებას.

„არ მაქვს მოლოდინი, რომ ეს გადაწყევტილება იქნება ცალსახად ისეთი, რომელიც მოეწონება მთავრობას და რთული იქნება მისთვის, რომ ეს გადაწყვეტილება საზოგადოებას წარუდგინოს, როგორც გამარჯვება,“-ამბობს ქორიძე.

ლაშა ტუღუშის თქმით, მოსალოდნელია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ხელისუფლებამ სხვაგვარი ინტერპრეტაციით წარმოაჩინოს. ტუღუში ამბობს, რომ მმართველი გუნდი შესაძლოა ამ ინტერპრეტირებით სასაცილო ვითარებაში აღმოჩნდეს.

ანალიტიკოსები თვლიან, რომ ყველა შემთხვევაში, “რუსთავი 2”-ის დაცვა ყველა მოქალაქის ვალდებულებაა, თუკი მათ სურთ არსებულ ვითარებაში დემოკრატიული ღერებულებების შენარჩუნება.

banner
წინა სტატიაში“რუსთავი 2”-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, გამოქვეყნებულია – არხის იურიდიულ დეპარტამენტში გადაწყვეტილებას კითხულობენ
შემდეგი სტატიასტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ქართული სასამართლოების მხრიდან მიუკერძოებლობის ნაწილში დარღვევა არ ყოფილა