სტრასბურგის სასამართლომ მამუკა ხაზარაძის საჩივარი წარმოებაში მიიღო

სტრასბურგის სასამართლომ „ლელოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის საჩივარი წარმოებაში მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატი ზვიად კორძაძე ავრცელებს.

როგორც ადვოკატი სოციალურ ქსელში წერს, საქმე ეხება თბილისის საქალაქო სასამართლოსა და სააპელაციო სასამართლოს განჩინებებს, რითაც მათ უარი ეთქვათ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ საქმის წარმოებაზე.

„სტრასბურგის სასამართლომ დღეს გვაცნობა, რომ წარმოებაში მიიღო მამუკა ხაზარაძის კიდევ ერთი საჩივარი, რომელიც ეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს და სააპელაციო სასამართლოს განჩინებებს. ამ განჩინებებით უარი გვეთქვა მამუკა ხაზარაძის სარჩელის წარმოებაში მიღებაზე ირაკლი კობახიძის მიმართ პატივის ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვის თაობაზე, აბსურდული მოტივით, რომ თითქოს და პარლამენტის წევრზე ასეთ საქმეებზე ვრცელდება იმუნიტეტი და სასამართლოსთვის მიმართვაც კი არ შეიძლება.

ეს უკვე მეორე საქმე, რომელმაც წარმატებით გაიარა ეს სტადია, თან უმოკლეს დროში, მიმართვიდან თვეზე ნაკლებში”, – წერს ადვოკატი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, „ლელოს“ ინფორმაციით, საქმე პრემიერ-მინისტრ კობახიძის მიერ გავრცელებული „არასწორ და ცილისმწამებლურ“ განცხადებას ეხება, თითქოს მამუკა ხაზარაძე წინა ხელისუფლების დროს „რეკეტის სქემების თანამონაწილე იყო”. ირაკლი კობახიძემ მამუკა ხაზარაძის შესახებ განცხადება 10 სექტემბერს გააკეთა, როცა „ლელოს“ ლიდერმა პრემიერ-მინისტრის იმპიჩმენტი მოითხოვა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე – ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის მთავარი ხაზი არის, რომ ბავშვს, ახალგაზრდას, ადამიანს არ აძლევ საკმარის ცოდნას და აცლი ღირებულებებს, ერთ-ერთი მთავარი, რასაც საარჩევნოდ საზოგადოებას შევთავაზებთ, განათლების ფუნდამენტური რეფორმა იქნება
შემდეგი სტატიამარტვილში, სოფელ ნალებსაოში მამამ შვილი დაჭრა