სტრასბურგის სასამართლომ 2012 წლამდე მომხდარი ფაქტების გამო მომჩივნების სიცოცხლის უფლებისა და წამების აკრძალვის დარღვევა დაადგინა

2018 წლის 20 დეკემბერს სტრასბურგის სასამართლომ ორი ახალი გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და საქმეზე − „მაისურაძე საქართველოს წინააღმდეგ“ − სიცოცხლის უფლების, ხოლო საქმეზე − „კიკალიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ – წამების აკრძალვის დარღვევა დაადგინა.

საქმე „მაისურაძე საქართველოს წინააღმდეგ“ ეხებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 2009 წლის 19 მაისს მომჩივნის ვაჟის გარდაცვალებას. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, პატიმარი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მოკლებული იყო ეფექტურ სამკურნალო საშუალებებს, რამაც, სავარაუდოდ, მისი სიკვდილი გამოიწვია. ამასთან, მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჩატარებული გამოძიება არ შეესაბამებოდა ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) მოთხოვნებს. სტრასბურგის სასამართლომ მე-2 მუხლის არსებითი და პროცედურული ნაწილების დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს მომჩივნის სასარგებლოდ 15.000 ევროს გადახდა დააკისრა მორალური ზიანის ანაზღაურებისათვის.

საქმეში − „კიკალიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ − ევროპულმა სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) დარღვევა მომჩივნის ოფთალმოლოგიური პრობლემების არაადეკვატური სამედიცინო მკურნალობის გამო სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 2006-2008 წლებში. ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო მომჩივნის (კატარაქტა) მკურნალობა. საქმეზე სახელმწიფოს მომჩივნის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 4.500 ევროს გადახდა დაეკისრა.

banner
წინა სტატიაში,,რაც თქვენ დაინიშნებთ ბატონო გიორგი, საკმაოდ ბევრი რთული გამოწვევა მიიღო სამინისტრომ და თქვენ ეს გაიარეთ ღირსეულად“
შემდეგი სტატია,,სამწუხაროდ, ქვეყანაში დანაშაულები იზრდება და ხშირ შემთხვევაში შემაშფოთებელიც არის”