ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესს კოალიციაში „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციები ბოიკოტს უცხადებენ. კოალიციის წევრები სამთავრობო კომისიის ხვალინდელ სხდომაში მუშაობას არ მიიღებენ.
მიზეზებს კოალიციის თავმჯდომარე ეკა გიგაური სპეციალურ განცხადებაში განმარტავს.
„როგორც მოგეხსენებათ, კოალიციამ აღნიშნულ საკითხზე ჯერ კიდევ 2017 წლის 28 ივლისს გაავრცელა საჯარო განცხადება, რომლითაც მოვუწოდებდით საქართველოს მთავრობას, შეეცვალა ადამიანის უფლებათა სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევი კომისიის დაკომპლექტების წესი და პროცედურები, გამომდინარე იქიდან, რომ მსგავსი შემადგენლობით და პროცედურით კომისიამ ორჯერ ვერ გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას – მკაცრი, სამართლიანი და გამჭვირვალე შერჩევის პროცედურის შედეგად შეედგინა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა ისეთი სია, რომელიც ევროპის საბჭოს რეალური არჩევანის საშუალებას მისცემდა. საჯარო განცხადებასთან ერთად, კომისიაში კოალიციის წარმომადგენელმა კომისიას ელ-ფოსტის საშუალებით იმავე დღეს აცნობა კოალიციის აღნიშნული პოზიცია. სამწუხაროდ, აღნიშნული პოზიცია სახელმწიფოს მიერ გაზიარებული არ იქნა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე „კოალიციას დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ არ გვაქვს მოლოდინი, რომ მესამედ იმავე შემადგენლობისა და პროცედურების პირობებში კონკურსი ობიექტურად ჩაივლის და მიგვაჩნია, რომ მოცემულ ეტაპზე სრულად აზრი ეკარგება კომისიის მუშაობაში ჩვენს ჩართულობას“, – აღნიშნულია ეკა გიგაურის განცხადებაში.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ ხვალინდელ სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებს ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი ზაზა ხატიაშვილი.
ხატიაშვილი სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს და იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარეს ზვიად კორძაძეს, რომლებიც ასევე კომისიის წევრები არიან, მოუწოდებს, არ მიიღონ მონაწილეობა ხვალინდელ სხდომაში.
სტრასბურგის მოსამართლეობის მსურველი კანდიდატების ვინაობა ცნობილია. შესაბამისი სია დღეს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა გაასაჯაროვა.
მისი ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობას – იოსებ ბაჩიაშვილი, ლალი ფაფიაშვილი, კონსტანტინე ვარძელაშვილი, ოთარ სიჭინავა, ირაკლი ადეიშვილი, თამარ ალანია, ლუიზა ხითარიშვილი, კონსტანტინე კორკელია და ნინო ბაქაქური იღებენ.
თავად იუსტიციის სამინისტროში კანდიდატების სიას ამ ეტაპზე არ ავრცელებენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, კანდიდატების შესახებ ჯერ დაზუსტებული ინფორმაცია არ აქვთ, ვინაიდან განაცხადების მიღება გვიან ღამით დასრულდა.
სტრასბურგის მოსამართლეობის მსურველი კანდიდატებიდან ხვალ, სპეციალურ სხდომაზე ხუთ კანდიდატს შეარჩევენ.
კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება 24 აგვისტოს, 00:00 საათზე დასრულდა.
საქართველოს სტრასბურგში წარსადგენი მოსამართლეების შერჩევა უკვე მესამედ უწევს, ვინაიდან ორჯერ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქართველოს მთავრობას წარდგენილი კანდიდატები დაუწუნა.