სტოლტენბერგი – საქართველო და უკრაინა ნატო-ს ახლო პარტნიორები არიან

რუსეთი აგრძელებს აგრესიულ და დესტაბილიზაციურ ქმედებებს მისი მეზობლების წინააღმდეგ და სამხედრო წარმომადგენლობას ზრდის უკრაინასა და უკრაინის გარშემო, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატო-ს მინისტერიალის დასასრულს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ფხიზლად უნდა იყვნენ და აიცილონ ესკალაცია.

იენს სტოლტენბერგმა ასევე განაცხადა, რომ საქართველო და უკრაინა არიან ნატო-ს ახლო პარტნიორები, რომლებიც ალიანსში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვიან.

„ჩვენ უნდა ვიყთ ფხიზლად და ავიცილოთ ესკალაცია. მინისტრებმა მკაფიოდ თქვეს, რომ რუსეთის ნებისმიერი მომავალი აგრესიის გამო მოუწევს მაღალი საფასურის გადახდა და ამას ექნება სერიოზული ეკონომიკური და პოლიტიკური შედეგები რუსეთისთვის. საქართველო და უკრაინა არიან ნატო-ს დიდი ხნის და ახლო პარტნიორები. მათ წვლილი შეაქვთ ჩვენს მისიებში, ოპერაციებში და მიისწრაფვიან წევრობისკენ. მინისტრებმა მკაფიოდ გაუსვეს ხაზი, რომ ჩვენ გადაწყვეტილებების ერთგული ვართ. ჩვენი მხარდაჭერა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევია. ჩვენ კვლავაც მზად ვართ, გავაძლიეროთ ორივე ქვეყნის მხარდაჭერა. ჩვენ უკვე ვაძლიერებთ შესაძლებლობებს, რომ მათ თავდაცვისუნარიანობა განამტკიცონ, ერთად ვატარებთ ტრენინგებს და სწავლებებს. ვაწვდით საზღვაო მხარდაჭერას და ვცვლით ინფორმაციას. ჩვენ ასევე ხაზი გავუსვით რეფორმების წინ წაწევის მნიშვნელობას, რათა განმტკიცდეს კანონის უზენაესობა და დემოკრატია, ვებრძოლოთ კორუფციას, გაგრძელდეს უსაფრთხოების და თავდაცვის სექტორების გარდაქმნა. ეს რეფორმები გადამწყვეტია, რათა საქართველო და უკრაინა იყოს უფრო ძლიერი და მედეგი“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ღიბრაძემ განმარტა, თუ რა შემთხვევაში შეუძლიათ მოქალაქეებს გამოიყენონ Georgia e-Health-სა და CovidPass Georgia-ს აპლიკაცია
შემდეგი სტატიააფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების „თაფლაკვერის პოლიტიკა“ გალის რეგიონში