სტოლტენბერგი: ნატოს სამიტზე საუბარი იქნება უკრაინის ალიანსის წევრობაზე

დარწმუნებული ვარ, გვექნება ფორმულირება უკრაინის ალიანსის წევრობის თაობაზე, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ვაშინგტონში 9-11 ივლისს დაგეგმილი ნატოს სამიტის წინ მოკავშირეები უკრაინასთან დაკავშირებით ბევრ საკითხს განიხილავენ და გადაწყვეტენ.

ამასთან, სტოლტენბერგმა გაიხსენა ნატოს შეთანხმებული გეგმა უკრაინის წვრთნისა და უსაფრთხოების სფეროებში დახმარების შესახებ და აღნიშნა, რომ უკრაინის მეტი სამხედრო მხარდაჭერის შესახებ ახალ განცხადებებს მოელის.

„დარწმუნებული ვარ, ჩვენ ასევე გვექნება ფორმულირება იმის შესახებ, რომ უკრაინა ალიანსის წევრი გახდება. ზუსტი ფორმულირება, თუ რაზე შევთანხმდებით, ამჟამად განიხილება ნატოს წევრებს შორის. მაგრამ დარწმუნებული ვარ, სამიტამდე ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კარგი შეთანხმება გვექნება“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
ასევე, მან გამოხატა მტკიცე რწმენა, რომ რაც უფრო ძლიერი იქნება ალიანსის მხარდაჭერა და რაც უფრო საიმედო იქნება გრძელვადიანი ვალდებულებები უკრაინის მიმართ, მით უფრო სწრაფად დამთავრდება ომი.

„რუსეთის ომს უკრაინაში მხარს უჭერენ ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა და ირანი. მათ სურთ აშშ-ის, ნატოს მარცხის დანახვა. თუ ისინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევენ, ეს ჩვენ უფრო დაუცველს გაგვხდის, ხოლო მსოფლიოს – უფრო საშიშს. ასე რომ, ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ არ არის ქველმოქმედება, არამედ ეს ჩვენი უსაფრთხოების ინტერესშია“, – აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველო, შესაძლოა, ძალიან დიდხანს დარჩეს EU-ს მოსაცდელ ოთახში – ესტონეთის ელჩი რუსულ კანონზე
შემდეგი სტატიაკონ­ცეპ­ტუ­ა­ლურ­მა სა­წარ­მომ Designa Individual-მა თბი­ლი­სის მე­რის, კახა კა­ლა­ძის­თვის Rolex Daytona-ს ექ­სკლუ­ზი­უ­რი მო­დე­ლი შექ­მნა