სტოლტენბერგი: ნატო უკრაინის დახმარებას მნიშვნელოვნად ზრდის, რათა პუტინს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა აიძულოს

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინა დახმარების ახალ პაკეტს ვაშინგტონში ალიანსის სამიტამდე მიიღებს. ეს მოიცავს დამატებით საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და საბრძოლო მასალას.

CBS-თან ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ ბლოკი უკრაინის მხარდაჭერას მნიშვნელოვნად ზრდის და ნატოს ყველა წევრი ქვეყანა უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალ სასწავლო პროგრამებსა და გრძელვადიან ვალდებულებებზე შეთანხმდა.

„მოველით, რომ სამიტამდე ახალი განცხადებები გაკეთდება საჰაერო თავდაცვის გაძლიერებისა და საბრძოლო მასალის რაოდენობის გაზრდის შესახებ“, – განაცხადა გენერალურმა მდივანმა.

ამასთან, სტოლტენბერგის თქმით, უკრაინის დასახმარებლად სამიტზე ახალი ინიციატივები გამოცხადდება, კერძოდ კი გერმანიაში ლოგისტიკური ცენტრის შექმნა, სადაც უკრაინელი სამხედროების საწვრთნელ აღჭურვილობას შეინახავენ.

„ეს იქნება სამიტის დიდი და მნიშვნელოვანი შედეგი, რომელიც უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერისთვის უფრო ძლიერ საფუძველს შექმნის“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

გენერალური მდივნის თქმით, ახლა ალიანსის მთავარი ამოცანა უკრაინის გამარჯვების უზრუნველყოფაა. ეს ასევე ბლოკში კიევის გაწევრიანების წინაპირობაცაა. სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მშვიდობის მიღწევის ერთადერთი გზა არის რუსეთის მმართველის დარწმუნება, რომ ბრძოლის ველზე გამარჯვება შეუძლებელია. ამისათვის საჭიროა უკრაინის გრძელვადიანი სამხედრო დახმარება, რაც ფრონტზე მის უპირატესობას უზრუნველყოფს.

„ის [ვლადიმერ პუტინი] უნდა დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან და აღიაროს უკრაინა, როგორც სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფო“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

შეგახსენებთ, ვაშინგტონში ნატოს სამიტი 9-11 ივლისს გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიბექა ლილუაშვილი – არჩევნებზე წარმოდგენილი ვიქნებით ჩვენი პარტიული იდენტობით და პარტიული ნიშნით
შემდეგი სტატიააფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები სტამბოლში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდნენ